Amnesty International-ში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში “გაუჩინარდა”, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, ჟურნალისტი უნდა გაათავისუფლონ.
“ეს ქვეყანა ცნობილია, მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების მიმართ. ჟურნალისტი რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ. ის უნდა დაიცვან წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან. ის დააპატიმრეს არაკანონიერად, მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო”, – განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ორშაბათს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.