“რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანდნენ. მათ სამომავლო გეგმები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ადამიანის უფლებები წარმოადგენდა და წარმოადგენს, როგორც “თავისუფალი დემოკრატების”, ისე “რესპუბლიკელების” მთავარ ღირებულებად.
მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ქართულ ოცნებასთან” განხეთქილების მიზეზებზეც ისაუბრა.
„ჩვენი გზების გაყრასთან ერთად ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა, როგორც “რესპუბლიკელებს”, ისე “თავისუფალ დემოკრატებს”, რაც გამოიხატა პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
რაც შეეხება “რესპუბლიკურ პარტიას”, პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ორივე პარტია ერთი იდეოლოგიისაა.
„დღესაც დაიღუპა ახალგაზრდა კაცი მშენებლობაზე, ჩვენი ხელისუფლება არ იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და არ ცვლის კანონმდებლობას. დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო. დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ. დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობაზე. ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ერთ ბლოკად,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.