თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დღევანდელ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვაზე არდაშვების შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის დახურულ სხდომაზე დასწრების საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.
“სახალხო დამცველმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების შუამდგომლობით, რომლებმაც მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, დღევანდელი სასამართლო განხილვა 9 ივნისს 13:00 საათზე გადაიდო. გარდა აღნიშნულისა, მომდევნო სხდომისათვის სახალხო დამცველმა და მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით”- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.