„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „მეტრონომთან“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის საქართველოში ჩატარებას აფასებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ნატოში გაწევრიანებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ნატომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, გერმანიის მაგალითით იხელმძღვანელოს და ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე ქვეყანა მისი წევრი გახდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნატოს გააქტიურებას რუსეთის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვება და საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას შეეცდება.
„მეტრონომი“: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება რას ნიშნავს და როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
ვახტანგ მაისაია: ნატოს ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარება, დიდი პატივია და ძალიან ბევრი სიგნალის მომცემია. ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მხარდამჭერი დეკლარაცია, რომლის მიხედევითაც საქართველომ მაპის სტატუსი უნდა მიიღოს.
ეს არის რეალური მიდგომა, რომელიც ნატოს მხრიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა. ეს ქმედება საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ნატოში შესვლისკენ გასავლელ გზას კიდევ უფრო უმოკლებს. დეკლარაციის მიღება ეს არის საკმაოდ სერიოზული მესიჯი, რომლითაც დიდი შანსი გვეძლევა, რომ ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასამბლეის შიგნით პოლიტიკურ წრეებში, სავარაუდოდ განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზა, რომლისთვისაც მაპის მიღება აუცილებელი აღარ იქნება. თქვენთვის ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილი თუ არის?
– ასეთი საუბარი არ მომისმენია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ზუსტად და პრაგმატულად განსაზღვრა ის დეტალები, რომელიც საქართველომ ნატოში მიღებამდე უნდა გაიაროს, სადაც პირდაპირ მაპის წევრობის მიღება მოითხოვა.
მაპის გარეშე ჩვენს ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ. ეს სტატუსი ყველა იმ კანდიდატმა ქვეყანამ გაიარა, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1999 წლიდან გაწევრიანდა. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, რომ რომელიმე ქვეყანა ნატოში მაპის გარეშე მიეღოთ.
– ვიცით, რომ იმ არაწევრ ქვეყნებში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, შემდეგ ეს ქვეყნები მისი წევრები გახდნენ. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას?
– ახლა მთლად გადაჭარბებული მოლოდინის ქონაც კარგი არ არის. რა თქმა უნდა, გარკვეული სახის დადებითი სიგნალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე ნატოში ავტომატურად მიგვიღებს. აქ გასახარი ფაქტი ის არის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ პირდაპირ მოითხოვა ის კონკრეტული რეალური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენ ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს.
მაპის სტატუსის მიღება სახუმარო საკითხი არ არის, რადგანაც ის ცალკე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს არეგულირებს. ქვეყანამ თუ პოლიტიკური, სამხედრო ინტეგრაციის და ადაპტირების მიმართულებით საშინაო დავალება კარგად შეასრულა, ეს უკვე მაპის მიღების გარანტია იქნება.
საშინაო დავალება პოლიტიკის და სამხედრო თვალსაზრისით შესაძლოა უკეთესად გვაქვს გაკეთებული, მაგრამ დანარჩენ სამ კრიტერიუმში კიდევ დიდი მუშაობა მოგვიწევს. სამართლებლივი და საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია, ასევე სპეცსამსახურების რეფორმები, ეკონომიკური დაგეგმარების კუთხით ქვეყანას კიდევ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.
– ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნატოში მიღება როგორ მოხდება? შესაძლებელია, რომ ნატომ გერმანიის მაგალითი კიდევ ერთხელ გაიმეოროს, როდესაც გერმანია საბჭოთა კავშირის ოკუპაციის პირობებში წევრად მიიღო?
– რა თქმა უნდა, გერმანიის მაგალითზეც და ასევე სხვა ქვეყნების შემთხვევებიც გაითვალისწინოს, ალბანეთის მაგალითი, რომელსაც სერბეთთან ტერიტორიების კუთხით პრეტენზიები გააჩნია კოსოვოსთან დაკავშირებით.
ასევე უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის არსებული დაპირისპირება. ასეთი პრეცედენტები არსებობს და საქართველოსთან მიმართებაშიც რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული – ამის შანსი ნამდვილად არსებობს.
სამართალშიც ხომ არის პრეცედენტები ასევე გეოპოლიტიკაშიც არსებობს პრეცედენტების დაშვება, რომლის მიღება ნატოს თუ სურს, არ გაუჭირდება. აღიარება მოხდება არა იმ კონტექსტში, რომ ამ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვა მოხდეს, არამედ პირიქით, ის ნატოსგან აღიარებული იქნება, როგორც საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიები.
– ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, „ნატომ გამოღვიძების ზარები კვლავ ჩამოჰკრა“, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი და რას გულისხმობდა ის?
– გამოღვიძების მთავარი მიზეზი ის არის, რომ დღეს ნატოსა და რუსეთს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. რუსეთი და დასავლეთი ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. საქართველო სწორედ ამ სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრშია ჩათრეული. ამიტომ ბუნებრივია, რომ ნატოს სჭირდება ტერიტორიები, რომელსაც თავდაცვის კონტექსტში გამოიყენებს.
– რა არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან, როგორი რეაქცია ექნება მას ამ დროს, როცა ნატო საქართველოსთან მიმართებაში ასე გააქტიურდა?
– რომ არ გაუხარდებათ, ფაქტია, რადგანაც რუსეთისთვის ნატო ნომერი პირველი მტერია. ეს მას სამხედრო დოქტრინით გაწერილიც აქვს და ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციაშიც დააფიქსირა. რას მოიმოქმედებს, რთული სათქმელია, თუმცა ცხადია, რომ გახარებული არ შეხვდება.
რუსეთის მხრიდან საქართველო, რბილი ძალის გააქტიურებას კიდევ უფრო უნდა ელოდოს. ასევე ჰიბრიდულ ომს, ანუ რუსული პროპაგანდის გაძლიერებას. ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ხელახლა უნდა შეიმუშავოს და ახალი საფრთხეების კლასიფიკაცია უნდა მოხდეს. ამ კუთხით არაფერი არ კეთდება. ჩვენი ქვეყანა საგარეო და საერთაშორისო დონეზე არანაირ აქტიურობას არ იჩენს. საქართველო უკვე უსაფრთხოების კუთხით ჩიხში იმყოფება. გამოდის, რომ მხოლოდ ნატოს იმედისამარა ვართ დარჩენილები.
P.S. შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში საგაზაფხულო სესიის დასკვნით დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო დეკლარაცია “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ”,
დეკლარაციის მიხედვით, ნატო აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ასევე ავღანეთში მიმდინარე მისიაში “მტკიცე მხარდაჭერას” იქვე აღნიშნულია, რომ ალიანსი პატივს სცემს ავღანეთში დაღუპულ ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ალიანსი ასევე მიესალმება საქართველოსთან მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საქართველო-ნატოს კომისიის, ყოველწლიური ნაციონალური პროგრამისა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც ქვეყანამ 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღო.
ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებიდან დაახლოებით 600 დელეგატი საკომიტეტო სხდომებში სამი დღის განმავლობაში მონაწილეობდა.
ბოლო დღეს, გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.
ავტორი: ელზა პაპოშვილი