უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება.
ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, დაინიშნა თუ არა ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ, უპასუხა.
“როგორც იცით, უზენაესი სასამართლოს ერთი ყოფილი მოსამართლის საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გადადებულია. საბჭოზე ასეთი საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების შესახებ საკითხის განხილვა იუსტიციის საბჭოში 1 მაისს ერთხელ უკვე გადაიდო.
მურუსიძე აცხადებს, რომ ახალი კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ვისაც 3-წლიანი სტაჟი აქვთ, გამოსაცდელ ვადას აღარ უნდა დაექვემდებარონ და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ უნდა დაინიშნონ.
“ამ ეტაპზე რამდენიმე მოსამართლეს უწევს შემოწმება, ახლა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დაექვემდებაროს თუ არა შემოწმებას. ამ კონტექსტში პოპულარული თემა ჩემი მიბმა, უნდა მოხდეს თუ არა მომავალში ჩემი შემოწმება. პირადად მე ეს საკითხი არ მაღელვებს,”-განაცხადა ლევან მურუსიძემ.