დიდი შვიდეულის ლიდერებმა იტალიაში მიმდინარე სამიტზე ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
იტალიის პრემიერმინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ, განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელმოწერილი დეკლარაცია სოლიდარობის ძლიერი სიგნალია დიდ ბრიტანეთთან ერთად მანჩესტერში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ“.
ტერეზა მეიმ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ტერაქტის შემდეგ მხარდაჭერისთვის. დიდი შვიდეულის ორდღიანი შეხვედრა გუშინ სიციალიაში გაიხსნა და დღეს დასრულდება.
სამიტს პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება დონალდ ტრამპი. მესამე წელია, შეხვედრას არ ესწრება რუსეთი, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო, ის ჯგუფიდან გარიცხეს, თუმცა რუსეთი და მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები სამიტის დღის წესრიგში კვლავაც რჩება.
სამიტი საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ლიდერებმა ძველი ქალაქის ქუჩებში ფეხით გაისეირნეს და ანტიკურ თეატრთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე კი ავიაშოუსაც დაესწრნენ. ლიდერები მიღწეულ შედეგებს წერილობით ერთობლივ კომუნიკეში შეაჯამებენ.