ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამოუკიდებლობის დღე ტელეხიდით მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის მილოცვით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ტელეხიდის საშუალებით ჩაერთო და სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„თქვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა – ემსახუროთ თქვენს ქვეყანას, მათ შორის ყველაზე საპასუხისმგებლო მისიის ფარგლებში, მარტო თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. ეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზიარებაცაა. ჩვენს პროფესიონალიზმს, დიდ პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიო, თავისუფალი საზოგადოების სამყარო გრძნობს“, – მიმართა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრმა.

როგორც გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროებმა ყველაზე უკეთ იციან დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი.

“ძალიან ბევრი ჯარისკაცი შეეწირა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. ამიტომ, თითოეული თქვენგანი, რომელიც საქართველოდან შორს თქვენს მოვალეობას ასრულებთ და ქვეყნის ინტერესს ატარებთ, საქართველოს საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად ხილვადს ხდის და საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის უფრო მეტ გარანტიებს აყალიბებს“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვსიას.

ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

 

იტვირთბა....