აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

„გადავწყვიტე სარჩელი შევიტანო“: ნინო კუზანოვა „მეტრონომთან“ დეტალურად საუბრობს

ავტორი: მანა ნოდია

კლინიკა „ლანცეტის“ დაკავებული დირექტორის მიერ გაჟღერებულმა ბრალდებამ, რომ ამ საქმით დაინტერესებულია ნინო კუზანოვა, საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. გამოძიება დირექტორს თანხების უკანონო მითვისებას ედავება, ხოლო დირექტორი კლინიკის დახურვაში დაინტერესებულ პირად კუზანოვას ასახელებს. ამავდროულად, 2016 წელს, ამ კლინიკაში  გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ ექიმს, რომელმაც  მის ქმარს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარა და  რომელიც გარდაიცვალა, ნინო კუზანოვამ გაუწია რეკომენდაცია. როგორც აღმოჩნდა, ექიმის ლიცენზიას ვადა ჰქონდა გასული, თუმცა ნინო კუზანოვა „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ პაციენტის მეუღლე მას ცილს წამებს, რადგან, მას იურიდიულ საბუთებთან შეხება არ ჰქონდა, შესაბამისად ვერ ეცოდინებოდა, რომ ლიცენზიას ვადა ჰქონდა გასული. ამავდროულად, ის, როგორც კარდიოლოგი, რეკომენდაციას სხვა მიმართულების ექიმს ვერ გაუწევდა.

„მეტრონომი“: რატომ დაგასახელათ თქვენ და დიმიტრი გაბუნია „ლანცეტის“ დაკავებულმა დირექტორმა კლინიკის გაუქმებით დაინტერესებულ პირებად?

ნინო კუზანოვა: ისეთი უცნაური და ექსცენტრული ადამიანია, რომ  მისგან არაფერი გამიკვირდება.

– გქონიათ მასთან რამე დაპირისპირება მანამდე?

– მანამდე, კლინიკას ჩემი 8 თვის ხელფასის დავალიანება ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით მქონდა სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა. დიმიტრი გაბუნია ჩემი ადვოკატი იყო ამ დროს.

– დირექტორმა ახსენა, რომ თქვენ უცხოეთში გაგზავნილი პაციენტებდან პროცენტს იღებთ და ამიტომ ხართ დაინტერესებული საქართველოში არ იყოს მისი კლინიკა.

– მომიყვანოს ჩემ მიერ უცხოეთში გაგზავნილი 1 პაციენტიც და გავჩუმდები. გადავწყვიტე, ამასთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანო.

– რაც შეეხება გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეს, შემთხვევა 2016 წელს მოხდა. ამ დროის განმავლობაში მასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– აბსოლუტურად თბილი და ძალიან მიკვირს მისი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, რომ მე ვურჩიე ის ექიმი, რომელმაც ღვძილის ოპერაცია ჩაატარა. მე კარდიოლოგი ვარ და ჩემ კომპეტენციას არასდროს ვშორდები. ეს ქალბატონი, მას შემდეგ რაც პაციენტი გარდაიცვალა, არ მინახავს. რაც შეეხება ტრანსპლანტაციის თემას, დირექტორისგან მე აკრძალული მქონდა ამ თემასთან შეხება.

– თქვენ კლინიკის მთავარი ექიმი იყავით. იურიდიულ დოკუმენტებთან თუ გქონდათ შეხება? უნდა გცოდნოდათ ექიმს ჰქონდა თუ არა ლიცენზია?

– საბუთების შემოწმება მე არ მეხებოდა. ჩემ დაქვემდებარებაში არცერთი სამსახური არ იყო. კლინიკის გახსნის დღიდან კარდიოლოგიურ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. შემდეგ მთავარი ექიმის პოსტზე გადავედი. კლინიკას მუდმივიდ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, არც პაციენტებთან დამოკიდებულება მომწონდა, ამიტომ, დირექტორთან ღია კონფრონტაციაში შევდიოდი ნებისმიერ საკითხზე და შესაბამისად დასრულდა ჩვენი თანამშრომლბა ერთი წლის წინ.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....