საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 24 მაისს ინტერნეტგადაცემა „ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე.
”უფლება საკუთარ გამოსახულებაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვის გამართლება კიდევ უფრო რთულია იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირად სივრცეში იმყოფება და მესამე პირებისგან მის კერძო სფეროში ჩარევის მოლოდინი არ აქვს. ბავშვის უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანოს – საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება მათი კომპეტენციის მიხედვით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტგადაცემა „ბავშვების დროს“ ანონსი, რომელიც გუშინ გავრცელდა, სკანდალური აღმოჩნდა. გადაცემას ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა ვიდეომასალა სადაც როგორც დედა ამბობს მისი შვილი სავარაუდოდ ონანიზმით არის დაკავებული. ამ საკითხს დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გამოეხმაურა.