კონგოში 27 იანვარს დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ახმეტაში საპროტესტო აქცია გამართეს.
სოსო ოსურაულის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ოსურაულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დღეს სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და დაკავებული ქართველის ზუსტი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავზე გაკეთდა განცხადება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული, სავარაუდოდ, დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ გაავრცელა. ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. თავდაცვის უწყების განცხადებით, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.
ფოტო: “იმედი”