საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლი 24 დეკემბრის ინციდენტზე, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, სპეციარულ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება მუქარის ფატზეა დაწყებული. როგორც შსს-ში განმარტავენ, კაფე-ბარ “პ.ა.მ კლუბის” ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების თანახმად, დ.გ-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა.
გთავაზობთ შსს-ს განცხადებას სრულად:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბის“ ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა.
გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული – დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.
გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ.-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო , რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
თორდია “მეტრონომთან” საუბარში ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მას 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მცირე შელაპარაკება მოუვიდა და ფარცხალაძის მხრიდან ამ ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებას ელოდება. თორდიას ინფორმაციით, ის დღის განმავლობაში პრესკონფერენციას გამართავს და დღეს გავრცელებულ ვიდეოზე დაწვრილებით ისაუბრებს.