„ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ. უმჯობესია დაველოდოთ ლაშა თორდიას პრესკონფერენციას“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა ცოტა ხნის წინ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალის შესახებ განაცხადა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელით რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს.
პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით ვიდეო მასალის გავრცელება ოთარ ფარცხალაძის „გათეთრების“ მცდელობაა. მომხდარი შემთხვევის დეტალებზე კუბლაშვილი არ საუბრობს და ამბობს, რომ მზად არის გამოძიებას მისცეს ჩვენება.
„ფარცხალაძის გათეთრება არ გამოვა. ეს ადამიანი დასვრის ყველას რასაც შეეხება. ამიტომ თუ ვინმეს გეგმაში აქვს თორდია წარმოაჩინოს ცუდ ადამიანად და ფარცხალაძე ფრთიან ანგელოზად, ესეთი რამ არ ხდება. შევახსენებ მარტივ ნათქვამსაც, ყორანი ქვიშითაც რომ გარეცხონ არ გათეთრდება“, – აცხადებს კუბლაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. კადრების ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
თორდია “მეტრონომთან” საუბარში ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მას 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მცირე შელაპარაკება მოუვიდა და ფარცხალაძის მხრიდან ამ ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებას ელოდება. თორდიას ინფორმაციით, ის დღის განმავლობაში პრესკონფერენციას გამართავს და დღეს გავრცელებულ ვიდეოზე დაწვრილებით ისაუბრებს.