აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორ ტარდება და რა ჯდება კბილის იმპლანტაცია: მედიცინის დოქტორი „მეტრონომთან“ საუბრობს

ავტორი: მანა ნოდია

თანამედროვე ეპოქაში დანტისტთან ვიზიტი ტკივილს აღარ უკავშირდება და აღარც კბილის უსაშველო პრობლემები არსებობს. პაციენტები პირის ღრუს სრულ მკურნალობას, რომელშიც როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური პრობლემები იგულისხმება, უმოკლეს დროში ახერხებენ. მათ შორის შედის კბილის იმპლანტაციაც, რომლის დროსაც  დაკარგული კბილის აღდგენა შესაძლებელი ხდება.

გალაქტიონ მახვილაძე ერთ-ერთი წარმატებული სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი და მედიცინის აკადემიური დოქტორია. „მეტრონომი“ თემის შესახებ მას დეტალურად ესაუბრა.

„მეტრონომი“: რას ნიშნავს  კბილის იმპლანტაცია?

გალაქტიონ მახვილაძე: კბილის იმპლანტაცია არის მეთოდი, რომლის დროსაც  დაკარგული კბილის აღდგენა ხელოვნურად, ძვალში მოთავსებული დენტალური იმპლანტის, ტიტანის ე.წ. ხრახნის მეშვეობით ხდება. ხრახნი თავსდება ძვალში, შესაბამისად, შესაძლებელი ხდება ზემოდან კბილის გვირგვინის მოთავსება.

– დენტალური იმპლანტის გამოყენება პაციენტს რა შემთხვევაში სჭირდება?

– დენტალური იმპლანტის მეშვეობით შესაძლებელია მოვაგვაროთ როგორც ერთეული კბილების დანაკლისი (წინა თუ გვერდით მიდამოებში), ასევე ჩართული დეფექტები (რამდენიმე კბილის ნაკლებობა). იმპლანტის საშუალებით შესაძლებელი ხდება მოკლე ხიდების  გაკეთება, ან, სრულიად უკბილობის შემთხვევაში, იმპლანტი როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციების საფიქსაციოდ გამოიყენება.

– რა სახის ანესთეზია გამოიყენება ოპერაციის დროს და  რა პერიოდი სჭირდება პროცედურას?

– ეს აბსოლუტურად უმტკინვეულო პროცედურაა. მარტივი იმპლატანციის შემთხვევაში, პროცედურას მაქსიმუმ 8 წუთი სჭირდება. პაციენტები ოპერაციის შემდგომ ტკივილს პრაქტიკულად არ განიცდიან. რა თქმა უნდა, გააჩნია ქირურგიის მასშტაბებს, რადგან შესაძლებელია არამხოლოდ იმპლანტაცია იყოს საჭირო, არამედ- ძვლის რეკონსტრუქციული ოპერაციაც. ამ დროს  დრო და მკურნალობის ვადაც იზრდება. ამ შემთხვევაში რამდენიმე ტკვილგამაყუჩებელი აბიც ხსნის იმ დისკომფორტს, რაც იმპლანტაციის შემდგომ, პირველ  პერიოდში შეიძლება არსებობდეს. ანესთეზია ყოველთვის ადგილობრივია. მე პირადად ვასრულებ ნებისმიერი სირთულის დენტალურ იმპლანტაციას და ძვლის რეკონსტრუქციულ ოპერაციას.

– რა დადებითი და უარყოფითი მოვლენები ახლავს  კბილის იმპლანტაციას?

– იმპლატანცია ერთ-ერთი  კარგი საშუალებაა დაკარგული კბილების აღსადგენად. უარყოფითად შეიძლება შევაფასოთ ის, რომ ეს მაინც ოპერაციული ჩარევაა. თუმცა, ერთეული კბილის დეფექტის დროს, თუ იმპლანტაციას არ მივმართავთ, მაშინ მეზობელი კბილების დამუშავება გვიწევს და  მათთვის ე.წ. ნერვის მოკვლა. იმპლანტაციის შემთხვევაში კი პაციენტის ჯანსაღ კბილებს არ ვეხებით, რაც დადებით მოვლენად უნდა აღინიშნოს. საერთოდ, უარყოფითი მოვლენები იმპლანტაციას ნაკლებად ახასიათებს.

– საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ შეიძლება იმპლანტი ვერ მიიღოს ორგანიზმმა. რამდენად სწორია ეს და კიდევ რა დისკომფორტი შეიძლება შეექმნას პაციენტს?

– როგორც ყველაფერს, დენტალურ იმპლანტაციასაც გააჩნია  ჩვენება და უკუჩვენება. უკუჩვენება ნიშნავს იმას, თუ რა დროს არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტისთვის. მაგალითად, უკუჩვენებაა მაშინ, როცა  ძვლის მოცულობა დეფიციტურია, ან პარადონტის (ღრძილების) ქსოვილები დაავადებულია, ან სისხლის ზოგადი დაავადება არსებობს. ასეთ დროს თავი უნდა შევიკავოთ იმპლანტაციის გაკეთებისგან. მკურნალობის შემდეგ, თუკი ეს შემაფერხებელი ფაქტორები აღარ იარსებებს, იმპლანტაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებიც გამოირიცხება.

– რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა კლინიკის და დანტისტის შერჩევისას და კონკრეტულად, იმპლანტაციის დროს?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის გამოცდილებას-რამდენად სწორად შეარჩევს მკურნალობის მეთოდს. აუცილებელია პაციენტმა ყველა სახის სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაიტაროს. მნიშვნელოვანია იმპლანტის ხარისხის და დიზაინის ინდივიდუალურად შერჩევა. რაც უფრო ხარისხიანია იმპლანტი, მისი რესურსი და წარმატებით გამოყენება გარანტირებულია. მე პირადად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფირმებს ვიყენებ, რომელთაც დიდი ისტორია  და შესაბამისად, სანდოობა აქვთ.

– ხარისხი მაღალ ფასსაც გულისხმობს – საშუალოდ, რა ჯდება კბილის იმპლანტაცია?

– კბილის იმპლანტის ფასი იწყება 600 ლარიდან და იზრდება იმპლანტის ხარისხის შესაბამისად. შესაძლებელია პაციენტს ვურჩიოთ, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ ფასიან იმპლანტს გაიკეთებს, თუმცა არის სიტუაცია, როცა ცალსახად ვეუბნებით, რომ მისთვის მხოლოდ კონკრეტული იმპლანტი იქნება ეფექტური.

 

იტვირთბა....