თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე საუბრის თემები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას.
ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება.
ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.