საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ინგლისელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში,” – ნათქვამია პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წუხელ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება ფოიეში კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც ხალხი ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტიდან გამოდიოდა.