მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა 19 მაისს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და საჩივარი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეიტანეს.
ადვოკატების მტკიცებით, სხდომა მათ დეკანოზის თხოვნის შემდეგ დატოვეს, რომელიც დარბაზიდან ასევე პროტესტის ნიშნად გავიდა.
მოგვიანებით კი მოსამართლემ, მათი გაძევების ოქმი შეადგინა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.დაცვის მხარე მამა გიორგი მამალაძეს ციხეში დღესვე მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დარბაზი, როგორც ბრალდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ ასევე მისმა ადვოკატებმაც დატოვეს. მათი განცხადებით, სიხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე, ადვოკატებს უფლება არა აქვს, რომ დასაცავი პირის წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისად მის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ სასამართლო სხდომა მასთან ერთად დაეტოვებინათ, უპირობოდ დააკმაყოფილეს.
პროკურორი სასამართლოს დახურვას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო ითხოვდა, კერძოდ როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის შესახებ ინტიმურ დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა. ასევე, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.