ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკის და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. „კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ გავეცანით მათ შორის ოჯახის წევრების განცხადებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადებით დავაკვირდებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შსს-ს განცხადებით, 18 მაისს ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რა დროსაც პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გუშინ ჩატარებულ ჩხრეკას ოთარ წოწორია მისი დის, ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, ჩხრეკისას ამოღებულია ორი სანადირო თოფი, რომელიც მას ეკუთვნის და რეგისტრირებულია, ასევე ერთი კისტის თოფი, რევოლვერი და 100-მდე ვაზნა, რომელიც არასდროს უნახავს.