სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას მოწმეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუხლი, რომელზეც მიმდინარეობს დღეს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება, არის აბსურდული.
“დღეს მოვისმინეთ მორიგი სამარცხვინო განცხადებები ადვოკატებისგან, რომ თურმე ვახდენ ზეწოლას მოწმეებზე, თურმე მე ვუკეთებ მობილიზებას ღამის სამ საათზე ჩემს სახლში მთელი სამართალდამცავი სისტემის მაღალი თანამდებობის პირებს.
მათი განცხადებები, რომ თურმე წამიერი შეხვედრა იყო და მივიღე თვითდაზიანებები, ამაზე პასუხი თურმე არის ზეწოლა მოწმეებზე, მათ შორის ადვოკატებზე და ეს არის ცინიკური განცხადება“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
აუდიტის სამსახურის უფროსი საქმის მოწმეებს მოუწოდებს, რომ არ დაემორჩილონ ოთარ ფარცხალაძის ზეწოლას.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოწმეს ვუთხრა, რომ ამ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა, ემუქრებათ 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვიცი, რომ მთელი ფინანსური პოლიცია, ასევე მონაწილეობდა ჩხუბში, ცემაში. ისინი მობილიზებულები არიან, რომ ზეწოლა განახორციელონ მოწმეებზე. მოვუწოდებ მათ, არ გახდნენ ამ ადამიანების თანამონაწილეები მძიმე დანაშაულში და ილაპარაკონ ის, რაც მოხდა. ვითხოვ შსს-სგან დანაშაულის სწორ კვალიფიკაციას“, – აღნიშნა თორდიამ.
აუდიტის სამსახურის უფროსი ითხოვს, რომ მოწმეები ნორმალური სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ფორმატში გამოიკითხონ, რათა დაცული იყოს მათი უფლებები.
“სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი პოზიტიური ვალდებულება და დაიცვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასეთი ჩარევისგან. ეს არ არის ლოკალური შემთხვევა ფიზიკურ პირზე, ეს არის თავდასხმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, თავისი საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის მიზნით, შესაბამისად ის მუხლი, რომელიც არის დღეს საქმესთან დაკავშირებით, არის აბსურდული“, – განაცხადა თორდიამ.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
როგორც ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, თორდიას სატელევიზიო განცხადებების შემდეგ, მათ ხელი შეეშალათ მოწმეების დაკითხვაში.
შეგახსეებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა.
მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.