ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, კერძოდ, sputnik-abkhazia.
ისინი გალში 17 მაისს იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, შეხვდნენ.
“ჩვენი ვიზიტი დღეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გვსურდა, გვენახა, რა სიტუაციაა ადგილზე. ჩვენ ჟენევაში ხშირად ვსაუბრობთ არსებულ სიტუაციასა და უსაფრთხოებაზე ამ რეგიონში. ამგვარად, ჩვენ მოხარულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა სოხუმიდან შემოგვთავაზეს, ჩამოვსულიყავით აქ და მოგვენახულებინა ეს პუნქტები. საიდუმლო არაა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა რამდენიმე გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ რა ხდება, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდება,” – განაცხადა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთის მიმართ შეცვლილია.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია ძირეულად შეიცვალა. თავად ნახეს, რომ ეს პუნქტები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება, არ არის კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სახელმწიფო საზღვრის მოსაწყობად. დღეს, როდესაც მათ გადაკვეთეს გამშვები პუნქტი ენგური, თავად შეეძლოთ, დარწმუნებულიყვნენ, რომ არავითარი წინაღობები არ არსებობს, ხალხი გადის სწრაფად და თავისუფალ რეჟიმში,” – განაცხადა დაურ კოვემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ფაქტის გამო მის გათავისუფლებას მოითხოვს.