ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე უნდა მივიდეს. მისი გამოკითხვა ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში მოხდება.
ფარცხალაძემ ჩვენება აუდიტის სამსახურის უფროსთან, ლაშა თორდიასთან დაპირისპირების ფაქტზე უნდა მისცეს. როგორც გუშინ მისმა ადვოკატებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თორდიასა და ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. როგორც ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, თორდიამ ფარცხალაძეს მისალმების ფორმა დაუწუნა, რის გამოც მისალმებისას მან ფარცხალაძეს ხელი მოუჭირა და ყოფილი მთავარი პროკურორის პირადმა დაცვამ კი მისი განეიტრალება მოახერხა.
როგორც ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აცხადებენ, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ და მათ მიერ გამოკითხული თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ამ ორ პირს შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.