„მეტრონომი“ 17 მაისის აქციებიდან
ავტორი: ნინო ცხადაია
დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეა, რომელიც საქართველოშიც აღნიშნეს. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დილის 10:00 სთ-ზე შეიკრიბნენ.
დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, დღეს სასულიერო პირებიც მართავენ მსვლელობას მრევლთან ერთად.
თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.
17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.
ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დღეს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეკრებილებს სამართალდამცველები იცავდნენ. გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ნორმები. კანცელარიის მიმდებრე ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართებოდა, ყველა მხრიდან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე არავის უშვებდა. ჩიტაძის ქუჩაზე კი სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი შეიკრიბნენ, რომლებიც აღნიშნულ აქციას აპროტესტებდნენ.
როგორც „მეტრონომს“ ადგილზე მისულმა სასულიერო პირმა, მამა დავითმა განუცხადა, მათი მთავრობის კანცელარიასთან მისვლის მიზეზი ის არის, რომ ამ ადამიანებს აუხსნან, რომ მათ მიერ გამართული აქცია ცოდვაა.
“ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ამ ხალხს შევაგნებინოთ – რასაც აკეთებენ დიდი შეცდომა და სირცხვილია. ღმერთი რაზეც იტყვის რომ ცოდვაა, ვინც არ უნდა ეცადოს მის გამართლებას აზრი არა აქვს. ეს ითვლება ცოდვად და მორჩა. დღეს კი ეს ადამიანები აქ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ თქვენც თუ ჩვენნაირები გახდებით უკეთესი იქნება. ამათ არაფრის რცხვენიათ, ცოდვა ადამიანს უტიფარს ხდის. ვინც კი მათ ამ ყველაფერში ხელს უწყობს, ღმერთის წინაშე პასუხს აგებს. აქ იმიტომ მოვედით, რომ თქვენ, ჟურნალისტები მოსულიყავით და ეს გვეთქვა, რადგანაც სხვაგვარად არ მოხვიდოდით”, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას სასულიერო პირმა.
პოლიციამ აქცის მონაწილე ლგბტ თემის წარმომადგენლები და ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები, მთავრობის კანცელარიიდან მიკროავტობუსებით პოლიციის თანხლებით გამოიყვანეს. როდესაც ტერიტორიიდან აღნიშნული ავტობუსები გამოჩდნენ, ისინი სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელმა მრევლმა შეძახილებით და ტაშით გააცილა.
რაც შეეხება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას, „მეტრონომს“ მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განუცხადა, რომ დღეს, აწყურისა და ღვთისმშობლის ხატების თანხლებით მსვლელობა დაიწყება ვარდების მოედნიდან და დასრულდება სამების საკათედრო თაძარში, სადაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე. ოჯახი არის მცირე ეკლესია და არის საწყისი ყველა სიკეთისა, რომელიც ყველა ადამიანში უნდა იყოს. ასევე, ოჯახი შეიძლება გახდეს ბოროტებისა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. ძალიან დიდი მნიშვნეობა აქვს ოჯახს და ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს, რომ ოჯახი იყოს ადამიანისთვის საწყისი სიკეთისა. ოჯახის არის ქალისა და კაცის ერთობა, რომელიც წარმოქმნის მომავალ თაობას. მე მინდა თითოეული ოჯახი დავლოცო და თითოეულ ქართველს დავულოცო ჭეშმარიტი ოჯახი.
მიხარია, რომ დღეს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსული ადამიანები. აქ ადამიანები იმყოფებიან ახალციხიდან, მესხეთიდან, გორიდან და ა.შ. შემდგომ დაიწყება მსვლელობა, აწყურის ღვთისმშობლის ხატით, რომელიც ერთი კვირაა მოგზაურობს საქართველოში, ღვთისმშობლის კვირეულთან დაკავშირებით. სვეტიცხოვლიდან დღეს აწყურისა და ღვთისმშობლის ხატები დაიძრებიან, რომლებიც შემობრძანდებიან რესპუბლიკის მოედანზე და შემდგომ დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და დაიცავს ოჯახებს“- განუცხადა „მეტრონომს“ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.