ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

16 წლის ბიჭი, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის და ენერგეტიკული სასმელის მიღების შედეგად გარდაიცვალა

16 წლის ამერიკელი ბიჭი სამხრეთ კაროლინადან, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა აპრილში მოხდა. სკოლის მოსწავლემ ორი საათის განმავლობაში შემდეგი სასმელები დალია: მაკდონალდსის ლატე, უალკოჰოლო – Mountain Dew და ენერგეტიკული სასმელი.

სასმელების მიღებამ გულზე იმოქმედა და არითმია გამოიწვია. ექიმების განმარტებით, ბიჭის გარდაცვალება გამოიწვია არა კოფეინის ზედმეტმა დოზამ, არამედ იმ მოვლენამ, რომ მან ორი საათის განმავლობაში მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი სასმელები და ბოლოს, ენერგეტიკული სასმელიც მიაყოლა.

​წინასწარი მონაცემებით, მას გული არ აწუხებდა. ბიჭი 90 კილოს იწონიდა, თუმცა მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, წონის პრობლემა არ გამხდარა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამჟამად გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რომელი ბრენდის ენერგეტიკული სასმელი დალია მოზარდმა და კონკრეტულად, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ამერიკელი პედიატრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი არ ცდილობენ ადამიანებს კოფეინზე უარი ათქმევინონ. უბრალოდ საჭიროა, მომხმარებლებმა იცოდნენ, რა დოზითაა რეკომენდირებული კოფეინის მიღება და რა სასმელებთან ერთად არ შეიძლება მისი დაგემოვნება.
​მათი განცხადებით, ენერგეტიკული სასმელების უმრავლესობა 3 ჭიქა ყავის ეკვივალენტ კოფეინს შეიცავს, ხოლო შაქრის ოდენობა 14 ჩაის კოვზის რაოდენობას უტოლდება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....