“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, ფარცხალაძე სამართალდამცავებთანაა კოორდინაციაში.
”სულ რამდენიმე დღე დაჭირდება ალბათ, სანამ დაალაგებს სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეულ სტრატეგიას ამ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ იმ ფარულ კადრებში, რომელშიც ის არის საკუთარ სახლში საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად იყო შემუშავებული ქვეყნიდან დატოვების გეგმა,”-განაცხადა ვაშაძემ.
ახალი საქართველო პარლამენტსა და პროკურატურას 2 მოთხოვნით მიმართავს: დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პროკურატურა შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობით, რომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოს ტერიტორიის დატოვება გარკვეული ვადით შეეზღუდოს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას თქმით, მას 12 მაისს შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.