aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მხოლოდ საუბრები და უმოქმედობა“: მშენებლობა – საშიში ზონა სიცოცხლისათვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სიცოცხლისთვის სახიფათოა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე მუშაობის დაწყება? ეს კითხვა ჩნდება, რადგან  ერთი კვირის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლი ორი მუშის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად დაიღუპა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.

მშენებლობის უსაფრთხოებისთვის საქართველოს მთავრობას დადგენილება გამოტანილი აქვს, სადაც სამშენებლო სამუშაოების დროს აუცილებლლად გასათვალისწინებელი ტექნიკური დეტალებია მოცემული, თუმცა საინტერესოა, ამ დადგენილებას ვინ იცავს და ვინ აკონტროლებს მის შესრულებას.

დასაქმებულთა  უფლებების დაცვა ჯანდაცვის სამინისტროს ევალება, ხოლო კონკრეტულად სამშენებლო კომპანიის თანამშრომელთა უფლებების დაცვა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე  მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება.

„მეტრონომთან“ საუბარში საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ირაკლი არაბიძე აღნიშნავს, რომ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს კონკრეტულ ობიექტებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ეჭვის საფუძველი არსებობს. ხოლო დარღვევის შემთხვევაში, სადამსჯელო სანქციებად, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემაა გათვალისწინებული, რაც, სავარაუდოდ, დიდად არ აფრთხობს დამსაქმებლებს:

„მეტრონომი“: მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, თუმცა სრულდება თუ არა და ვინ ამოწმებს ამას?

ირაკლი არაბიძე: „თბილისში მერიას ჰყავს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მშენებლობის უსაფრთხოებაზე, ტექნიკური რეგლამენტის თვალსაზრისით. ასევე, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში ამ ფუნქციას ითვისებს შრომის ინსპექცია. დღეს საქართველოში როცა შრომის ინსპექტორები შედიან სამშენებლო ობიექტებზე, დარღვევების აღმოჩენისთვის ისინი სარგებლობენ ტექნიკური რეგლამენტის სამშენებლო შემთხვევების შესახებ კანონით. ჩვენც ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვადასხვა რეგულაციებს ვიყენებთ, როცა ვწერთ დასკვნას სხვადასხვა სამშენებლო ობიექტის შესახებ.

– შრომის ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა. ერთ-ერთ მიზეზად ინსტიტუტის კორუფციისკენ მიდრეკილება დასახელდა. რატომ აღადგინეთ ინსპექცია?

– დიახ, 2006 წელს როცა ინსტიტუტის გაუქმების შესახებ საუბრობდნენ, ერთ-ერთ მიზეზად მის კორუფციისკენ მიდრეკილებას ასახელებდნენ. თუმცა მაშინაც და დღესაც ცხადია, რომ როდესაც შრომითი ბაზარი მიშვებულია იმგვარად, რომ „ბაზარი თავად დაარეგულირებს რა არის საჭიროება“, სხვადასხვა სუბიეტებისადმი, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასეთმა მიდგომამ ქვეყნა უბედური შემთხვევების თვალსაზრისით უფრო და უფრო სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს პირველი ნაბიჯი გადაიდგა და შეიქმნა საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ერთვება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებად პროგრამაში და იღებს კონკრეტულ დასკვნას და რეკომენდაციებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ. მიმდინარე ეტაპზე, ეს არის მოხალისეობრივი ჩართვა. შეუძლიათ როგორც დასაქმებულებმა მოგვმართონ, ასევე  ჩვენ მივმართავთ დამსაქმებელს ეჭვის საფუძველზე და ვახდენთ მის შემოწმებას, რის შემდეგაც გავცემთ დასკვნას, სადაც სათითაოდ არის რეკომენდაციებში გაწერილი, თუ რა უნდა აღმოფხვრას და გამოასწოროს დამსაქმებელმა.

-თუ ეჭვის საფუძველი არ არსებობს, შრომის ინსპექცია ობიექტზე ვერ შედის?

– თუკი არ არის ინფორმაცია, რომ რომელიმე კომპანიაში დარღვევაა, ისე შრომის ინსპექციის ყურამდე ეს ამბავი არ მივა. თუ დარეკავს დასაქმებული და იტყვის, რომ ცუდი პირობებია და საფრთხე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ჩვენ ვუკავშირდებით დამსაქმებელს, ვაცნობთ სიტუაციას და ვეუბნებით, რომ გვსურს შევამოწმოთ კომპანია, სადაც დავდებთ კონკრეტულ დასკვნას და რეკომენდაციებს რა უნდა აღმოფხვრას მათ.

– სად უნდა დარეკონ დასაქმებულებმა და ვის უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი შრომის უფლებების შელახვის შესახებ?

– ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505, დარეკვის შემთხვევაში, გაესაუბრებათ ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი, ჩაინიშნავს კონკრეტულ პრობლემას, რომელსაც აუხსნის დამსაქმებელს. როგორც წესი, ხდება შეთანხმება დამსაქმებელთან და კონკრეტულ დღეს მივდივართ ობიექტზე და სრულფასოვნად ვამოწმებთ მას.

აქვს თუ არა  დეპარტამენტს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის გატარების უფლებამოსილება?

– ამ ეტაპზე სანქცირების მექანიზმზე ერთგვარი მორატორიუმია გამოცხადებული და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათით შემოიფარგლება ინსპექციის საქმიანობა.

– შემდეგ ამოწმებთ გაითვალისწინეს თუ არა ეს რეკომენდაცია?

– რემონიტორინგს ვახორციელებთ ყოველი სამი თვის შემდეგ, თუმცა, ამ თარიღმა შეიძლება ექვს ან ცხრა თვემდე გასტანოს. გააჩნია დარღვევის სიმძიმეს და მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი ზომების მიღების დროს.

– რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, როდესაც თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის შედეგი დგება?

– სისხლის სამართლის კოდექსით არის პირდაპირ გათვალისწინებული, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, თუკი გამოიკვეთა რომელიმე კონკრეტული მხარის ბრალეულობა დამდგარ შედეგში, გამოძიება შესაბამის ზომებს ახორციელებს და იწყება ძებნა. თუკი დადგინდა დამნაშავე, მას ცხადია პასუხისმგებლობა ეკისრება.

– რეგლამენტში ჩამოთვლილია, თუ რა სტანდარტები უნდა დაიცვას დამსაქმებელმა თუ დასაქმებულმა, თუმცა, კონკრეტულად სამშენებლო ობიექტებზე თუ არის მიღებული ე.წ. დამცავი ბადეები, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს?

– როგორც წესი, საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ე.წ გოსტები, რომლითაც სარგებლობდა მთელი საბჭოთა სივრცე, შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2000-იანი წლების დასაწყისში, მოხდა რამდენიმე ასეთი რეგულაციის გაუქმება, ერთ-ერთი კი ამ ტიპის რეგულაციის გაუქმებაც იყო, მაგრამ ასოცირების შესახებ შეთანხების 30-ე დანართში პირდაპირ არის გაწერილი ის 26 დირექტივა, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას. ამ დირექტივებში, რომელსაც ჩვენ უკვე ვამუშავებთ და 7 უკვე დამუშავებული გვაქვს, შესაძლებელია მოვიზაროთ ისიც, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოება ნამდვილად იქნება დაცული იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. ეს იქნება სიმაღლეზე მუშაობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები თუ სხვა.“ -აცხადებს ირაკლი არაბიძე „მეტრონომთან“.

საინტერესოა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან თემაზე საუბრისთვის ვერავინ მოიცალა. კონკრეტულად კი, მერიის პრეს-სამსახურმა ჯერ კითხვების გაცნობა მოითხოვა, რომ შესაბამისი პირებისთვის გაეცნო,  მოგვიანებით კი მერიის პრეს-სამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ  „ყველას შეხვედრა და თათბირი აქვს, ყველა გასულია“ და ამიტომ პრეს-სამსახურმა გამოგვიგზავნა საიტი, macne.gov.ge, სადაც მითითებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა  და სანებართვო პირობების შესახებ. რა თქმა უნდა, მკითხველს კანონების კითხვით არ დავღლით, რადგან, როგორც მკითხველმა, ასევე რედაქციამაც მშვენივრად იცის, რომ კანონების და დაგენილებების სახით სრულყოფილად იქნება განმარტებული მერიის ვალდებულებები თუ პასუხისმგებლობები აღნიშნული საკითხის მიმართ. ჩვენ გვაინტერესებდა და გვაინტერესებს, რამდენად სრულდება ეს კანონები და დადგენილებები მერიის მიერ და ამ კანონებისა და დადგენილებების მიუხედავად, რატომ იღუპებიან ადამიანები სამუშაოს შესრულებისას. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ მერიამ კითხვებს თავი აარიდა.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბოლო წლებში დასაქმებულთა უფლებები და უსაფრთხოება უკეთ არის დაცული. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ლაბაძე, „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ კომპანიები თუნდაც საკუთარი ინტერესების დასაცავად საწარმოო პირობებს აუმჯობესებენ:

„მეტრონომი“: რამდენად დაცულია სამშენებლო სამუშაოებზე და ზოგადად, სხვა კომპანიებში დასაქმებულთა უფლებები?

ლაშა ლაბაძე: „შემიძლია პარალელი გავავლო ამ მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით, თუ რა გვქონდა ქართულ ბიზნესში ათი წლის წინ, რა გვქონდა  ხუთი წლის წინ და რა გვაქვს დღეს. ათი წლის წინ და უფრო შორეულ პერიოდში უსაფრთხოების სტანდარტები არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ბოლო წლებია ბიზნესის მხრიდან დაინტერესებაა, რომ ეს გამოსწორდეს და ინტენსიურად არიან ჩართულები როგორც სატრეინინგო მიმართულებით, ასევე სტანდარტების დანერგვით. ბიზნესი თავისით მიიწევს წინ, რომ დასაქმებულების ინტერესები უფრო იყოს დაცული, თუმცა  ეს მხოლოდ დასაქმებულის ინტერესი არ არის. თუ უბედური შემთხვევა ხდება, დამსაქმებელიც ზარალდება.

– როგორ ზარალდება დამსაქმებელი?

– ჯარიმას იხდის. არის შემთხვევები როცა დამსაქმებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში იხდის დაზარალებულის ანაზღაურებას. ამიტომ, დამსაქმებლის ინტერესიც არის, რომ ამგვარი შემთხვევა მის კომპანიაში არ მოხდეს. თუმცა, ასი პროცენტით არავინ არის დაზღვეული და უბედური შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ბოლო პერიოდში არა ერთი კომპანია გადის ტრეინინგს ჩვენთან ამ კუთხით და საწარმოო პირობების გაუმჯობესებას ცდილობს.“ – აცხადებს „მეტრონომთან“ ლაშა ლაბაძე.

დამსაქმებელთა ასოციაციას არ ეთანხმება სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომლის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაშავება და გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად არის ქცეული.

საქართველოს სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია ითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელია. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად ელის ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებს:

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა, ვინაიდან ამ დრომდე არ არის მიღებული შრომის უსაფრთხოების თანამედროვე და მკაფიო სტანდარტები, არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებდა მათ შესრულებას პრაქტიკაში. საქართველოს სახალხო დამცველი უკვე არა ერთი წელია ითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელია.

სახელმწიფო პრაქტიკულად ელის ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, რის შემდეგაც რეაგირებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში. დაწყებული გამოძიება ყოველთვის არ სრულდება სათანადო შედეგებით. შეწყვეტილი გამოძიებების რიცხვი დღეის მდგომარეობით შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევების დადგომიდან უფრო მეტი დროა გასული. სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის წესით რეაგირება, რომელიც ეფექტური არ არის, ვერ ჩაითვლება საკმარის ბერკეტად სამომავლო შემთხვევების თავიდან აცილებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ შექმნას მინიმალური მექაზმები ამის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სახით”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრის აკაკი ზოიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სანქციები, ალბათ, გამკაცრდება:

„მხოლოდ 75 ადამიანი იყო მთელ საქართველოში შრომის ინსპექციაში და ისინი მცირე მოსაკრებლის, არაოფიციალურად ქრთამის მიღების მეტს არაფერს აკეთებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ სისტემის რეორგანიზაცია და მისი რეალურ, მობილურ, ეფექტიან ერთეულად ჩამოყალიბება, მოხდა უბრალოდ პრობლემის მოცილება. ასევე, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, გაუქმდა იმ დროს არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმები, კოდექსი და კარგად იცით, მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმები და მოთხოვნები არ იყო რეალურად მიწოდებული. ეს გაუქმდა იმის გამო, რომ მომხდარიყო მაქსიმალური დერეგულირება და ბიზნესს შეწყობოდა ხელი, რაშიც არსებობს გარკვეული ლოგიკა და ეს ლოგიკა დღესაც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ ბიზნესი. ზედმეტი რეგულაციები აძვირებს მათთვის წარმოებას, რაც ამცირებს სამუშაო ადგილებს და ასევე, ამცირებს ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალშიც. რა თქმა უნდა, აუცილებელია თანამედროვე შრომის უსაფრთხოების ნორმების მიღება, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ასევე სავალდებულო ნაწილია. მაგრამ ჩვენ ეს ნორმები უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მიახლოებულად ჩვენს დღევანდელ რეალობასთან, რომ ერთი მხრივ, არ მოვახდინოთ ბიზნესის მობილურობის, სამუშაო ძალის მობილურობის და წარმოების გაძვირება და ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს ეს ბიზნესს და მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, წელიწადში საშუალოდ 25 ადამიანი იღუპება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რაც მიუღებელია.

ფაქტია, რომ წლების განმავლობაში საზოგადოება და რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს,  ხელისუფლებაც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობენ, თუმცა მხოლოდ საუბრისა და უმოქმედობის გამო,  მკაფიო შედეგებად, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილზე დაღუპული დასაქმებულები რჩებიან.

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....