ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია

“მოძრაობა დღითიდღე ფართო მასშტაბს იღებს. მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ხალხი ძალიან გაბრაზებულია, რადგან ყველა მიხვდა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით სწორი იყო. ამის გამო მოხდა სწორედ ჩვენზე შეტევა”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრმა დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია.

“უკრაინელმა ხალხმა შიშველი ხელებით გამოგლიჯა სააკაშვილი რამდენიმე ათას სპეცრაზმელს. მოახსნევინეს ბორკილები. ახლა ვართ პარლამენტთან, ათასობით და ათი ათასობით ადამიანი მოდის. ერთად გადავწყვეთ რა იქნება ჩვენი სწრაფი და მტკიცე ნაბიჯები გამარჯვებისკენ” – აღნიშნა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ეს არის პოროშენკოს აგონიური ნაბიჯი. საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლება სუსტია და ეშინიათ ჩაახშონ ნებისმიერი მოძრაობა, რომელსაც სათავეში უდგას მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, დაახლოებით 6-7 ადამიანია დაკავებული სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.

იტვირთბა....