არჩევნები ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: “პრეზიდენტობის შემთხვევაში, ყოველ თვე დავიბარებ რომელიმე მინისტრს და მექნება “ფეისბუქ-ლაივი” (ინტერვიუ)

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ ყველა კანონპროექტს ვეტოს დაადებს და ვეტოს პარლამენტში 150 დეპუტატის წინაშე დაიცავს. ჯაფარიძე არ აპირებს ხელი მოაწეროს კანონს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული უნდა გადაურიცხონ. 

“მეტრონომისთვის” მიცემულ ინტერვიუში “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ეს არის არჩევნები, სადაც ფული გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს და მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

მეტრონომი: პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა არის მოსახლეობისთვის თქვენი მთავარი გზავნილები?

ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი მთავარი გზავნილები გამომდინარეობს იმ უფლებამოსილებებიდან, რომელიც პრეზიდენტისთვისაა დარჩენილი. საკმაოდ ბევრია, მაგრამ შემიძლია, ძირითადი მესიჯები გითხრათ.

პირველი, ეს არის თავისუფლების დაცვა. ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონს, რომელიც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული. მე, პირადად, წავალ პარლამენტში და დავიცავ ამ ვეტოს 150 დეპუტატის წინაშე, რაც აქამდე არც ერთ პრეზიდენტს გაუკეთებია. გასაგებია, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ვეტოს დაძლევის რესურსი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ჩემთან ომი მოუწევთ.

მეორე არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სადაც ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი, ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მთლიანად გაუქმება. გარდა იმისა, რომ ეს საქართველოში საშინელ, მჩაგვრელ სისტემად იქცა, არაეფექტურია და ძვირი.

მეორე, ეს არის თავდაცვის დაფინანსების გაზრდა წელიწადში ნახევარი პროცენტით, რომ 5 წელიწადში მოხდეს ბიუჯეტის გაორმაგება. ახლა თავდაცვაში ვხაჯავთ 2,5%-ს და ვფიქრობ, რომ 5%-მდე უნდა გაიზარდოს დაფინანსება. ეს პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ მთავარსარდალს ბევრი ბერკეტი აქვს და მგონია, რომ ამის გატანას თავისუფლად შევძლებ.

მესამე, ეს არის შეწყალების ფუნქციის გამოყენება. შევიწყალებ ყველას, ვინც ან რაიმე საპატიმრო სასჯელს იხდის, ან თავისუფლება აქვს შეზღუდული ისეთი ქმედებისთვის, როდესაც სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია. ეს, მეტწილად, ეხებათ ადამიანებს, რომელთაც არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგად, უფლებები შეეზღუდათ. აქ, აგრეთვე, შესაძლოა, ე.წ. ეკონომიკური დანაშაულებიც იყოს, როდესაც ამ ქმედებას სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია და ვფიქრობ, რომ ეს დანაშაული არ არის.

გარდა ამისა, მაქვს დაპირება, რომელიც მეტ გამჭირვალობას გულისხმობს და ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთი ის, რომ რეგულარულად მექნება “ფეისბუქ-ლაივები” და გასაუბრებები მოსახლეობასთან, რასაც პრინციპში, ახლაც ვაკეთებ. ხშირად, “ფეისბუქ-ლაივებით” მედიასთან მექნება შეხვედრები. ასევე, ხშირად თვეში ერთხელ მაინც დავიბარებ რომელიმე მინისტრს და მათი კომპეტენციის ფარგლებში, დავუსვამ კითხვებს, ესეც “ფეისბუქ-ლაივით” მექნება. გარდა ამისა, არის ბევრი სხვადასხვა უფლება, რომელიც აქვს პრეზიდენტს და ამ პატარ-პატარა საკითხებზეც მაქვს დაპირებები, რომელიც ვებ-გვერდ JAFARA.GE-ზეა მოცემული.

მეტრონომი: შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველ გუნდთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტები ექსპორტზე გაიტანონ. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?

ზურაბ ჯაფარიძე: ჯერჯერობით კანონპროექტი არ მინახავს, ვნახე მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა. სრული სურათი იხატება იმისა, რომ ვიღაცა აპირებს ამ ბიზნესის მონოპოლიზაციას. დაინახეს, რომ ეს არის სარფიანი საქმე. სამედიცინო მარიხუანის ბიზნესი არის ერთ-ერთ სწრაფად მზარდი ბიზნესი მთელ მსოფლიოში.

თუ საუბარია მხოლოდ სამედიცინო კუთხით მარიხუანას გაზრდაზე და იქიდან პროდუქტების დამზადებაზე, რომელიც ეიფორიული მდგომარეობის გამომწვევ ნივთიერებას არ შეიცავს და მხოლოდ სამკურნალო თვისებები აქვს, გაუგებარია  რატომ უნდა იყოს ეს საქმიანობა ლიცენზირებული, რატომ უნდა იყოს რომელიმე არეალზე ლიმიტირებული და კონკურსის წესით, რატომ უნდა აწარმოოს ერთმა კომპანიამ. საუბარია ისეთი პროდუქტის წარმოებაზე, რომელსაც ფარმაკოლოგიაში ფართოდ იყენებენ.

ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ჩვენს საქმეს ეხებოდა, მოლოდინი არსებობდა და ამაზე იყო უამრავი საუბარი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ არსებული კანონმდებლობა შექმნილ რეალობასთან უნდა მოსულიყო თანხვედრაში. საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა რეალობა, რომ მოხმარება არის ლეგალური და მარიხუანას მოპოვების ლეგალური გზები არ არსებობს. საუბარი არ ყოფილა კულტივაციასა და გაყიდვაზე. ხელისუფლების მხრიდან უნდა მომხდარიყო საკანონმდებლო ბაზის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს ეხებოდა რეკრეაციულ და სამედიცინო მარიხუანას. ამ მხრივ, ჯერჯერობით, დღემდე გაჟღერებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი. აქ მხოლოდ რეგლამენტირებაზეა საუბარი – სად შეიძლება, აკრძალული იყო მარიხუანას მოხმარება. მაგ. საბავშვო ბაღში არ შეიძლება, მაგრამ სახლში რომ შეიძლება, იქ საიდან უნდა მოიტანოს მომხმარებელმა მარიხუანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, როგორც ჩანს, გაურბის ხელისუფლება. სოციალური ჯგუფების და მათ შორის საპატრიარქოს პოზიცია, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევია.

მეტრონომი: ვის მიიჩნევთ სარეზიდენტო არჩევნებზე მთავარ კონკურენტად?

ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი მთავარი კონკურენტი არის სალომე ზურაბიშვილი. ცალსახაა, რომ ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” კანდიდატია. ის, რომ ვითომ “ქართულ ოცნებას” არ ეყოლება კანდიდატი და ისინი დამოუკიდებელ ადამიანს დაუჭერენ მხარს, არის სპექტაკლი. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც “ქართული ოცნება” უჭერს მხარს და მთელ თავის ადმინისტრაციულ რესურსს მოახმარს. პლიუს ამას, ალბათ, ივანიშვილის ფინანსურ რესურსაც. მიუხედავად იმისა, რომ ფული ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მიმაჩნია, რომ ფინანსები ამ არჩევნებზე ვერ იქნება გადამწყვეტი და დიდი შანსია მეორე ტურის და იქ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების. ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ.

მეტრონომი: იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური დაინიშნა, მაგრამ იქ თქვენ ვერ მოხვდით. დაუჭერს თუ არა “გირჩი” მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს?

ზურაბ ჯაფარიძე: არა, მე ამაზე საჯაროდ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომ “გირჩი” არ არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლის რომელიმე ლიდერი მოუწოდებს ხალხს, რომ დაირაზმეთ და ვინმს დაუჭირეთ მხარი. მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ.

მეტრონომი: როგორც მოქალაქისთვის, მისაღები იქნება თუ არა თქვენთვის პრეზიდენტის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი?

ზურაბ ჯაფარიძე: ცხადია, არა. მე მგონია, რომ ერთადერთი ინტერესი, რაც სალომე ზურაბიშვილს გააჩნია, ეს არის საკუთრი პირადი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. ეს ინტერესი ამოძრავებს მას, როდესაც უნდა ქვეყნის პრეზიდენტობა. ეს ინტერესი ქონდა, როდესაც სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა და გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ინტერესი ქონდა, როდესაც “ოცნების” დახმარებით გახდა პარლამენტის წევრი და ეს ინტერესი ამოძრავებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად იყრის კენჭს. არანაირი ინტერესი, რომ ეს ქვეყანა განვითრდეს და წინ წავიდეს ამ ადამიანს არ აქვს. რასაც ვერ მიაღწია საფრანგეთში, ცდილობს, ეს პატივმოყვარეობა საქართველოში დაიკმაყოფილოს. ეს არის და ეს.

მეტრონომი: რომელი ეკონომიკური მოდელია საქართველოსთვის შესაფერისი?

ზურაბ ჯაფარიძე: ამის ერთადერთი ფორმულა არსებობს, რაც ელემენტარულადმდე დადის. მთავრობამ გადასახადებისგან უნდა აკრიფოს რაც შეიძლება ცოტა ფული, რაც შეიძლება ბევრი ფული უნდა დარჩეთ და ხარჯონ მოქალაქეებმა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ძალიან ბევრმა განვითრებულმა ქვეყანამ გაიარა, მათ შორის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც.

მეტრონომი: “გირჩი” საკმაოდ დიდ დროს უთმობს განათლების სისტემაზე საუბარს. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, რის შეცვლას ეცდებით განათლების სფეროში?

ზურაბ ჯაფარიძე: განათლების საკითხთან დაკავშირებით, “გირჩი” აპირებს არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის პარალელურად, ალტერნატიული ნამდვილი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ამჟამინდელ განათლების სისტემას დაანგრევს. ამით, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ მთავარ მიზანს – სახელმწიფოს ხელში არსებული მუმიფიცირებული განათლების სისტემა, თავისი მონსტრი განათლების სამინისტროთი აღარ იარსებებს და აღარ დაღუპავს თაობებს. ეს არის პროექტი, რომელსაც მომავალ კვირაში დავიწყებთ და თუ პრეზიდენტი გავხდები, პროცესი გაცილებით სწრაფად გახორციელდება. თუმცა, ეს პროექტი წარმატებისთვის განწირულია, უბრალოდ, პრეზიდენტობის შემთხვევაში პროცესი დაჩქარდება.

მეტრონომი: პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს ბევრი სოციალური დაპირებები აქვთ. თქვენი თანაპარტიელები სოციალურ ქსელში, მაგალითად, “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, დავით ბაქრაძეს აქილიკებენ, რომ ის ამომრჩეველს პენსიების ზრდას პირდება. რეალურად, შეუძია თუ არა პრეზიდენტს მოსახლეობას პენსიები გაუზარდოს?

ზურაბ ჯაფარიძე: დავით ბაქრაძეს შეუძლია გამოიყენოს საპრეზიდენტო ტრიბუნა, რათა პენსიების ზრდის თემაზე ილაპარაკოს და ამ საკითხის ირგვლივ უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს. უშუალოდ პენსიების გაზრდის ბერკეტები ბაქრაძეს არ ექნება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბაქრაძე პრეზიდენტი გახდეს და თუ ეს სასწაული მოხდა, არ მგონია, რომ პენსიების თემა მის დღის წესრიგში იყოს.

მეტრონომი: რას ფიქრობთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე?

ზურაბ ჯაფარიძე: დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ხელისუფებისა და მსხვილი ბანკების ჩვეულებრიი შეთქმულება, რათა მოსახლეობა ერთად ძარცვონ. მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღებენ გადასახადების სახით დამატებით ფულს. უბრალოდ, ამ ფულს გადასახადებს არ არქმევენ და უწოდებენ საპენსიო შენატანებს და მას, მინიმუმ 30 წელი, არ ეყოლება მომკითხავი.

შესაბამისად, ვიღაცები იშოვნიან მილიონებს და 30 წლის მერე, როდესაც ეს ფული აღარ იქნება, კაციშვილი არ იქნება ამ საკითხზე პასუხისმგებელი ანუ ვერავინ ვერავის ჩაავლებს ხელს ქეჩოში და ჩასვამს ციხეში იმის გამო, რომ ფული გაქრა ან დაიკარგა.

მეტრონომი: რას ფიქრობთ საბანკო სფეროზე. მსხვილი ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მევახშეები – საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათი ვალი აქვს…

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლების ბრალი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სწრაფი ეკონომიკუური ზრდა. 5-10 წელში ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში, შეგვიძლია ვიყოთ, მაგალითად, ესტონეთის მსგავსი ქვეყანა. ხელისუფლება ფლანგავს ფულს, ახრჩობს ეკონომიკა, რომელიც შესაბამისად, ვერ იზრდება სწრაფად.

თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობისგან არასწორი პოლიტიკური დაკვეთები მოდის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ეკონომიკა და ხშირად გონიათ, რომ ბევრი რეგულაციებით უკეთესად იქნებიან. ეს საბანკო სფეროსაც ეხება. რეალობა არის ის, რომ რაც უფრო მეტი რეგულაცია იქნება, მსხვილი ბანკი მით უფრო გაიმყარებს პოზიციას. რეგულაციების დროს ცოტა პატარა მოთამაშე რჩება და დიდი ბანკები უფრო ბევრ ფულს შოულობენ და მერე რასაც უნდა იმას აკეთებენ. ის, რომ საქართველოს მოსახლობა საბჭოთა წარმოდგენით ცხოვრობს და არ იცის რა არის ეკონომიკა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მეტრონომი: ირღვევა თუ არა დღეს საქართველოში დასაქმებულის შრომითი უფლებები და რა არის ამ პრობლემის გამოსავალი?

ზურაბ ჯაფარიძე: შრომითი უფლებები არის თემა, რომელსაც სხვადასხვა ადამიანები სხვადასხნაირად უყურებენ. ჩემი აზრით, შრომითი უფლებები მყარდება დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის არსებულ ნებაყოფლობით შეთანხმებაზე. სახელმწიფოს საქმე არ არის ამ უფლებებში ჩაერიოს და რომელიმე მხარეს ვალდებულება აკიდოს. თუმცა, შრომითი უფლებისა კუთხით ამ ქვეყანაში პრობლემა იმ თვალსაზრისით არის, რომ დამქირავებლებს იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე დაქირავებულებს. ამას აქვს ახსნა.

საქართველოში ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია, ჩვენ სიღარიბეში ვცხოვრობთ. როდესაც ადამიანები არიან ღარიბები, ისინი თანხმდებიან ისეთ სამუშაო პირობებზე, სადაც დამქირავებელი შესაძლოა, შეთანხმებას არღვევდეს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის დამოუკიკდებელი სასამართლო. რომ გითხრათ, პრეზიდენტი ჯადოსნურ ჯოხს დაიქნევს და ამ პრობლემას მოაგვარებს, მოგატყუებთ. ეს პრობლემა იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასასმართლო არ იარსებებს და ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად არ განვითარდება.

მეტრონომი: პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, გააუქმებთ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს?

ზურაბ ჯაფარიძე: როგორც თავში გითხარით, ერთ-ერთი ჩემი დაპირება არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავაუქმებ. ამის პირდაპირი ბერკეტი აქვს პრეზიდენტს.

მეტრონომი: რატომ განათავსეთ რეკლამა პორნოსაიტზე, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი?

ზურაბ ჯაფარიძე: იდეა წინა პარაკევს დაიბადა. ჩვეულებრივი ბიზნეს გადაწყვეტილებაა. ეს არის უიაფესი სარეკლამო საშუალება. საქართველოდან პორნოსაიტებზე შესვლის საკმაოდ მაღალი ტრეფიკია. მათ შორის, არის PORNHUB-ი, რომელთაც რეკლამა პირველებმა დადეს. ჯამში, დაახლოებით, 24 გვერდზე გვაქვს გაგზავნილი მოთხოვნა. ფულს იხდი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დაკლიკავს და გადავა სპეციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ჩემს მხარდაჭერად შეგიძლია დარეგისტრირდე. გუშინ, მაგალითად, 6 დოლარად ერთ დღეში 200 000 ნახვა ქონდა. იაფია, ახლებურია, ინოვაციურია და გაცილებით ეფექტიანია. ჩვენ სატელივიზიო რეკლამის რესურსი არ გვაქვს და ისეთ გზებს ვეძებთ, რომელიც იაფი იქნება.

მეტრონომი: ხშირად აკრიტიკებთ საპატრიარქოს. არ ემხრობით ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებას. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, რაიმე ქმედით ნაბიჯებს თუ გადადგამთ ამის წინააღმდეგ?

ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი მყარი პოზიციაა, რომ სახელმწიფოსა და არც ერთ რელიგიას შორის ფინანსური კავშირი არ უნდა არსებობდეს. სეკულარული სახელმწიფოს მომხრე ვარ. პრეზიდენტის ხელმოწერა ბიუჯეტის კანონსაც ეხება. ბიუჯეტში უამრავი ხარჯია, არა მარტო საპატრიარქოსი და ამ კანონს ხელს არ მოვაწერ. საჯაროდ მოვყვები რატომ არ ვაწერ ხელს და რატომ არ უნდა მიდიოდეს გაჭირვებული ხალხის ფული ამ ხარჯებში.

მეტრონომი: და ბოლოს, რატომ ზურაბ ჯაფარიძე, რას ეტყოდით ამომრჩეველს?

ზურაბ ჯაფარიძე: მთავარი მიზეზია, რომ    არსებულ პოლიტიკურ სპექტრში “გირჩი” და მე არასისტემური მოთამაშეები ვართ. დანარჩენი, მიუხედავად იმისა თუ რანაირად გაიყოფიან, ყველანი სისტემის შიგნით არსებული მოთამაშეები არიან.

სინამდვილეში, მათი მთავარი მიზანია ამ სისტემაში დაწინაურდნენ და ბიუჯეტიდან მეტი ბენეფიტები მიიღონ. “გირჩი” ერთადერთია, ვინც სისტემის დაშლისთვის იბრძვის და ამას ბოლო ორი წელია ვაკეთებთ, ისე, რომ არც ერთი არჩევითი თანამდებობა არ გვქონია. მხარი უნდა დაგვიჭირონ, რათა ქვეყანაში არსებული და მათ შორის, პოლიტიკური ჭაობიც ამოვაშროთ ან ავანჯღრიოთ მაინც. თუ კომფორტულად გრძნობენ თავს და ერთ ჰალსტუხიანს მეორეს ადარებენ და ვერ ხედავენ განსხვავებას რომელი იქნება, გასაგებია, რომ მსგავსი ადამიანები მხარს არ დაგვიჭერენ. ჩვენ ვეძებთ ამომრჩეველს, რომელთაც სისტემის დანგრევა სურს.

 

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..