არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
„წყაროს ინფორმაციით, ყველა მოწმობა დაიბეჭდება იმ სქემით, რომ ერთი პირზე მოხდეს 5 პირადობის მოწმობა და ამ შეთხვევაში ერთი და იგივე გამეორდება ფოტო, ხოლო სხვა მონაცემები სხვადასხვა იქნება. შემდგომ უკვე შესაბამისი სია გადანაწილდება უბნებსა და ოლქებში,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს. საუბარია როგორც არჩევნების გაყალბებაზე, ასევე დოკუმენტაციის გაყალბებაზე, რაზედაც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს.