ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების საქმეზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. არიან დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი”-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ”-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად გუშინ, 31 ოქტომბერს 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

იტვირთბა....