როგორც ცნობილი ხდება, დღეს, შსს-ს სპეცოპერაციისას დაკავებული ოთხი პირი, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ დანაშაული ჩადენის პროცესში აღკვეთა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.
” შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.