“საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს” – ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ მიზნით ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა უკვე განხორციელდა, თუმცა თემა დროებით, არჩევნების გამო დაიხურა.
“სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ავიაციის ბაზრზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, კერძოდ მგზავრთა გადაყვანების კომპონენტში აპირებს კონკურენციის შეზღუდვას. როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპაბნია ,,ვიზ ეარი“- სთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია “ვიზ ეარი” ქართული ბაზრიდან გაუშვას“ – აცხადებს ვასო ურუშაძე.
მისივე განმარტებით, ზეწოლას განიცდის მეორე ქართული ავიაკომპანია My Way Airlines-იც, რომელსაც ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.
“ასევე ხდება მეორე ქართული ავიაკომპანიის ,,მაივეი ეარლაინზის“ შევიწროვებაც, რომელსაც არ აძლევენ სიხშირეებს რუსეთის მიმართულებით ფრენებზე, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ხდება მისი მაქსიმალური შევიწროვება, რომ თბილისიდან ძირითად მიმართულებებზე ფრენები ვერ განახორციელოს“ – აცხადებს HUB Georgia-ს ხელმძღვანელი.
შგახსენებთ, რომ ავიაკომპანია ,,Wizz Air”, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, ის ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ასრულებს. ავიაკომპანია My Way Airlines-მა კი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყო და რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. მისი ავიაპარკი ორი Boeing-737 ტიპის თვითმფრინავისგან შედგება.