„მეტრონომმა“ მორიგი კვლევა ჩაატარა. ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა წითელი, თეთრი და შუშხუნა ღვინოების შეფასება-შემოწმებას, წინასაახალწლოდ, 2017 წლის 16 დეკემბერს „ორანჟერეაში“ სპეციალიურად იყვნენ მოწვეულები გამოცდილი სომელიეები. მათ ღვინისა და ცქრიალა ღვინოების 10 კომპანიის პროდუქცია შეამოწმეს. დეგუსტაციაში 5-მა სომელიემ მიიღო მონაწილეობა (ირმა ჭანტურია, ჯაბა ძიმისტარაშვილი, ნიკა დევიძე, თეონა თოხაძე და თამაზ თამაზაშვილი). ობიექტური შედეგების მისაღებად, სხვადასხვა სახის სასმელი წინასწარ შეიფუთა. სომელიეებმა არ იცოდნენ რომელი სახის ღვინოს და რომელი კომპანიის სასმელს აგემოვნებდნენ. თითოეული პროდუქტი შეფასდა ქულებით, საბოლოოდ მოხდა ქულების დაჯამება და გამოვლინდა საუკეთესო. დეგუსტაციას ესწრებოდა მოწვეული სპეციალისტი ანი კვიწინაძე, რომელიც მონიტორინგს უწევდა პროცესს.
აღსანიშნავია, რომ თეთრ და წითელ ღვინოებში, შესაბამისად შემოწმდა ერთი სახის სასმელი – სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენიი „წინანდალი“ და „საფერავი“. ამასთან, სომელიეებმა დააგემოვნეს რამდენიმე კომპანიის ცქრიალა ღვინოც.
დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: „თელავის ღვინის მარანი“, „ბადაგონი“, „შატო მუხრანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თბილღვინო“, „ღვინის კომპანია შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „მათრობელა ვაინზ“, „ზურაბ წერეთლის ღვინის კომპანია“.
ამ კომპანიებიდან უარი თქვეს „მეტრონომთან“ თანამშრომლობაზე შემდეგმა კომპანიებმა: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ღვინის კომპანია შუმი“ და რაც ყველაზე უცნაურია, კომპანია „ბაგრატიონმა“, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ბრენდად ითვლება საქართველოში. რაც შეეხება კომპანია „თელიან ველს“, მათთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია. რთული სათქმელია, რატომ შეიკავეს აღნიშნულმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქტი გამოეტანათ დეგუსტაციაზე, „მეტრონომმა“ მაინც გადავწყვიტა შეემოწმებინა სხვადასხვა სასმელის ხარისხი, რადგან მომხმარებელს უფლება აქვს გაიგოს სპეციალისტების აზრი, თუ რა ხარისხის პროდუქცია იყიდება მარკეტებში, რომელი კომპანია აკეთებს აქცენტს ხარისხზე და საბოლოოდ, მოსახლეობის ინფორმირებულობა, კომპანიებს შორის გაჩენილი რეალური კონკურენცია, მომავალში აიძულებს მწარმოებლებს უფრო მეტი დრო დაუთმოს ხარისხზე მუშაობას.
აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდება არა მარტო „მეტრონომის“ საიტზე, არამედ „მეტრონომის“ ფეისბუქ-გვერდზე, რომელსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ერთი თვის განმავლობაში, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში, რაც არის გარანტია, რომ „მეტრონომის“ კვლევას, ანუ დეგუსტაციის შედეგებს, ათასობით მოქალაქე ნახავს.
დეგუსტაციის დასრულების შემდეგ, რომელმაც 2 საათს გასტანა, „მეტრონომთან“ პროექტი სომელიეებმა, ირმა ჭანტურიამ და ნიკა დევიძემ შეაფასეს.
ნიკა დევიძე (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სერთიფიცირებული წევრი): „საინტერესო დღე იყო. „მეტრონომის“ ინიციატივით ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდება საუკეთესო წითელი, თეთრი და შუშხუნა ღვინოები. მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას საქართველოში, რაც სამომავლოდ წაადგება როგორც ქვეყანას, ისე მეწარმეებს.“
ირმა ჭანტურია (ენოლოგი, შპს „ღვინის ლაბორატორიის სპეციალისტი“): „ 5 დეგუსტატორის მიერ შეფასდა ათი თეთრი, ათი წითელი და ათი ცქრიალა ღვინო. ვნახოთ, რა შედეგებს მოგვიტანს ტესტირება.“
სომელიეების მიერ ჩატარებული დეგუსტაციის შედეგები კი ასეთია:
წითელი ღვინო
1 – თელავის ღვინის მარანი მუკუზანი 2015 18, 1 (ქულა)
2 – თელიანი ველი საფერავი 2016 18.0 (ქულა)
3 – მილდიანი საფერავი 2016 17, 6 (ქულა)
4 – შუმი საფერავი 2016 17, 6 (ქულა)
5 – შატო მუხრანი შავკაპიტო 2015 17, 5 (ქულა)
6 – თბილღვინო საფერავი 2016 17, 1 (ქულა)
7 – ზურაბ წერეთლის კომპანია საფერავი 16, 2 (ქულა)
8 – კახური ტრადიციული მეღვ. საფერავი 2016 15, 6 (ქულა)
9 – კორპორაცია ქართული ღვინო საფერავი 13, 0 (ქულა)
10 – მათრობელა ვაინზ საფერავი 2015 9, 4 (ქულა)
თეთრი ღვინო
1 – ზურაბ წერეთლის კომპანია წინანდალი 19, 5 (ქულა)
2 – თელავის ღვინის მარანი წინანდალი 2015 18, 4 (ქულა)
3 – მილდიანი წინანდალი 2015 18, 1 (ქულა)
4 – თბილღვინო რქაწითელი 2015 17, 8 (ქულა)
5 – მათრობელა ვაინზ წინანდალი 2016 17, 8 (ქულა)
6 – შატო მუხრანი რქაწითელი სუპერიორი 17, 5 (ქულა)
7 – შუმი წინანდალი 2015 17, 3 (ქულა)
8 – კორპორაცია ქართული ღვინო წინანდალი 2013 17, 0 (ქულა)
9 – თელიანი ველი წინანდალი 2015 15, 3 (ქულა)
10 – კახური ტრადიციული მეღვ. წინანდალი 2015 14, 1 (ქულა)
შუშხუნა ღვინო
1 – თელავის ღვინის მარანი თეთრი მშრალი 17, 3 (ქულა)
2 – ბადაგონი ცქრიალა 16, 9 (ქულა)
3 – კახური ტრადიციული მეღვ. გალაქტიონი 15, 2 (ქულა)
4 – ქართული ღვინ. და ალკ. კომპანია ადამანტი 13, 0 (ქულა)
5 – ბაგრატიონი ცქრიალა კლასიკური 12, 8 (ქულა)
6 – ხარება ცქრიალა კლასიკური 9, 8 (ქულა)
7 – დუგლაძეების ღვინის კომპანია ცქრიალა ნახ. მშრალი 4, 3 (ქულა)
8 – თელიანი ველი ცქრიალა ნახ. მშრალი 2, 3 (ქულა)
P.S. პარალელურ რეჟიმში, “მეტრონომის“ საიტზე მიმდინარეობს ონლაინ-კვლევა, (შეგიძლიათ დააჭიროთ და მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში) თუ რომელი კომპანიის პროდუქციის ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას მოქალაქეები, ასევე ჩატარდება ქუჩის გამოკითხვა, რომელიც დაემატება საბოლოო შედეგს. დასმულია კითხვა – რომელი კომპანიის პროდუქტის ხარისხი არის თქვენთვის მისაღები? ხმის მიცემაში 100 ათასი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას და საბოლოო შედეგები, ანუ უკვე მომხმარებლის რეიტინგი, მოგვიანებით გამოქვეყნდება „მეტრონომის“ საიტზე, „მეტრონომის“ ფეისბუქ-გვერდზე, რომელსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ერთი თვის განმავლობაში, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში, რაც არის გარანტია, რომ „მეტრონომის“ კვლევას ათასობით მოქალაქე ნახავს.