აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კლასელის დაჭრაში მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე, პირველად, „მეტრონომთან“ ყველა კითხვას პასუხობს

რა მოხდა 2006 წელს სკოლაში – ბრალდება, რომლისაც თავად მინისტრსაც არ სჯერა

გვანცა ყუფარაძე- ეს სახელი და გვარი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კვლავ აქტუალური გახადა. 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის დაჭრაში ბრალდებული გოგო ციხეში 5 წლით მოხვდა. გვანცა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას და ციხეში არადაამიანური პირობების გაპროტესტებას ყველა სამართლებრივი ბერკეტით შეეცადა, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მის საქმეში დარღვევები ვერ აღმოაჩინა…

გვანცა ყუფარაძე აქამდე მედიასთან დუმდა. დღეს კი პირველად „მეტრონომთან“ ყველა კითხვას პასუხობს. იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა მისი თანაკლასელი ბიჭი დაიჭრა, იმ დღის შემდეგ კი, მოზარდი გოგონა, რომლის საქმეშიც უმრავი ხარვეზია, დააპატიმრეს და ლამის მონსტრად შერაცხეს…

„მეტრონომი“:  გვანცა,  გაიხსენეთ 2006 წლის 9 ნოემბერი, როცა თქვენი თანაკლასელი დაჭრილი იპოვეთ.

გვანცა ყუფარაძე: 2006 წელს ვიყავი 14 წლის, მე-9 კლასის მოსწავლე. 2006 წლის 9 ნოემბერს, თორნიკე ტყემალაძე სკოლის უკანა ეზოში, ჩემს თვალწინ დაჭრეს. სავსებით შესაძლებელი იყო ვინმეს დაენახა ეს ფაქტი, თუნდაც ფანჯრიდან, მაგრამ სამწუხაროდ,  ამ საქმეს არ ჰყავს პირდაპირი მოწმეები.

საგაკვეთილო პროცესი თითქმის დასრულებული იყო;  ტყემალაძემ სკოლის უკანა ეზოდან დამიძახა და მითხრა, რომ განსაკუთრებული პრობლემა ჰქონდა. საუბრის მომენტში, 4  ბიჭი სკოლის ღობეზე გადმოხტა. ზრდასრულები იყვნენ, სავარაუდოდ, 20 წელზე ზემოთ. ტყემალაძეს ჯერ რამდენჯერმე დაარტყეს, შემდეგ კი ორმა მათგანმა ის დანით დაჭრა.

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით, დაზარალებულს მიყენებული აქვს 29,  მათ შორის 8  შემავალი ჭრილობა.

ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, დაახლოებით 3 წუთის ინტერვალში მოხდა. არასასურველი მოწმე ნამდვილად ვიყავი და გამაფრთხილეს, რომ არაფერი არ უნდა მეთქვა. ეს არ ჩანდა შემთხვევითი შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ამბავი. ჩემი აზრით, ეს იყო სერიოზული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დამემუქრნენ და გამიშვეს. მე გამოვედი სკოლის უკანა ეზოდან, ვიცოდი, რომ ტყემალაძე დაჭრილი იყო, თან მქონდა შეგრძნება, რომ უკან მომყვებოდნენ. სკოლაში არ მივსულვარ, რადგან უნდა გამევლო ის ტერიტორია, სადაც ეს მოხდა… შოკში ვიყავი, მაგრამ ისევ მივბრუნდი უკან, ეზოში და ვცადე, დაჭრილი თანაკლასელი ამეყენებინა. ხელი მოვკიდე,  ავაყენე, მაგრამ ვერ გამომყვა და დავარდა. მისი დახმარება მინდოდა… რომ ვერ ადგა, ამის მერე მივხვდი, რომ  საჭირო იყო სასწრაფოს და პოლიციის გამოძახება. ამისთვის, მოპირდაპირე ქუჩაზე მცხოვრებ პედაგოგთან მივედი.

შევვარდი მასწავლებელთან და ვუთხარი, რომ  სასწრაფოში და პატრულში დაერეკა, რადგან თანაკლასელი დაჭრილი იყო. საქმეში არის ამავე  პედაგოგის და მისი ოჯახის წევრის ჩვენება. მას შემდეგ, რაც მან სასწრაფოსა და პატრულში დარეკა, ერთად მივედით სკოლაში. იქ უკვე იცოდნენ ამ შემთხვევის შესახებ, რადგან დაჭრილი ფიზკულტურის მასწავლებელს ფანჯრიდან დაუნახავს. მის ჩვენებაში წერია, რომ მან დაინახა როგორ მოდიოდა თორნიკე ტყემალაძე და უცებ დაეცა.

სკოლაში პოლიცია მალევე მოვიდა. მე მათ ვუთხარი, რაც მოხდა. რადგან ეს ფაქტი სკოლის ეზოში მოხდა, იმდროინდელმა დირექციამ მთხოვა მეთქვა, რომ შემთხვევა სკოლის გარეთ მოხდა. მათი მოტივი ალბათ ის იყო, რომ სკოლის ეზოში მომხდარი შემთხვევის გამო, დირექციიდან ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, თუმცა, მე მაინც ის ვთქვი, რისი მოწმეც გავხდი.

შემთხვევა 9 ნოემბერს მოხდა, რის შემდეგაც დაკითხვაზე ჩემ მშობლებს დავყავდი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედა იმ სკოლის პედაგოგი იყო და გარკვეული უხერხულობაც შეექმნა ამის გამო. მანამდეც, სულ ხელით მატარებდნენ, დამოუკიდებელი არ ვყოფილვარ. ის დღეები დაკითხვაზე გავატარე. იმ დღესვე კლინიკაში მოვინახულეთ დაჭრილი ტყემალაძე, სადაც მისი  ოჯახის წევრები მადლობას მიხდიდნენ იმის გამო, რომ როგორც ამბობდნენ,  ,,ის გადავარჩინე.“

– „გმირიდან“ „დამნაშავედ“ როდის იქეცით?

– ეს მოხდა მაშინ, როდესაც დაზარალებულმა ხელი დამადო. მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ ბოლო გაკვეთილიდან გაპარვა უნდოდა, გადახტა სკოლის ფანჯრიდან და ძველ ინვენტარზე დავარდა. თუმცა, ისეთი ჭრილობები ჰქონდა, რომ ეს ჩვენება არ დაიჯერეს. როდესაც გამომძიებელმა ჩემი ჩვენების თაობაზე უამბო, მან თქვა, რომ არ ახსოვს ვინ დაჭრა. მესამე ჩვენებაში კი ბრალი მე დამდო.

– როგორ ფიქრობთ, რატომ უნდოდა დაზარალებულს, რომ თქვენ ყოფილიყავით ეჭვმიტანილი?

– მას ჩემი ჩვენება არ აწყობდა. არ უნდოდა ამ საქმის გახმაურება. ჩემი აზრით, ამ დანაშაულის მიღმა სხვა რამ იმალება, რისი გამჟღავნებაც არ უნდოდა; სიმართლე, რომ ეთქვა, საფრთხე დაემუქრებოდა, თან არაერთი მიმართულებით. რაც მთავარია – მრავალ  კითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა.

მან თქვა, რომ მე დავჭერი, მაგრამ მოტივი არ უთქვამს. ვერ პასუხობდა კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ გავაკეთე ეს. კითხვაზე, მე რატომ არ მქონდა არანაირი დაზიანება ან სისხლის კვალი, რაც ექსპერტიზით დასტურდებოდა, უპასუხა, რომ თითქოს, მე ჯერ გავთიშე და მერე დავჭერი. ამავდროულად, ამბობდა იმასაც, რომ გრძნობდა, თუ როგორ ვჭრიდი, ბოლოს კი ადგა და გაიქცა. ჩემს ტანსაცმელზე სისხლის კვალის არარსებობა კი  ასე „ახსნეს“ – იმის გამო, რომ დაზარალებულს ბევრი ტანსაცმელი ეცვა, სისხლმა გამოჟონვა და ჩემზე გადმოსვლა ვერ მოასწრო. ჩატარდა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, რომლის მიხედვითაც,  ფსიქოლოგიურად სრულიად გაწონასწორებული ვიყავი. შესაბამისად, ვერსია რაიმე ფსიქოპატური გადახრის გამო ჩადენილი დანაშაულის შესახებ გამოირიცხა.

გამომძიებელი პირდაპირ მეუბნებოდა, უამრავი საქმე მაქვს და შენი 4 ბიჭი სად ვეძებო, დაზარალებული ხელს შენ გადებს, ადამიანს ტყუილად ხელს არ ადებენო…

12 ნოემბერს უკვე დამაკავეს. წამიყვანეს ე.წ. „კაპეზეში“. ჩემი მშობლები ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ არ ამბობდა სიმართლეს დაჭრილი, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. სასამართლო სხდომის ოქმებში დაფიქსირებულია, რომ დაზარალებულს ბევრ კითხვას ვუსვამ, სადაც ან არ მცემს პასუხს, ან მის მიერ გაცემული პასუხი დააეჭვებს ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს.

– მასწავლებლები და თანასკლასელებიც თქვენ გადებდნენ ხელს?

– ჩემი არცერთი კლასელის ჩვენება საქმეში არ დევს. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუციათ.

– „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ თქვენ და დაზარალებულს ერთი გოგო მოგწონდათ და ეს იყო მოტივი, რამდენად რეალურია?

– 2006 წელს „რუსთავი 2“-მა ამ საქმეზე გააკეთა სიუჟეტი და ჩემი ასაკისა და ყოველგვარი მედია-სტანდარტის დარღვევით გააჟღერა, რომ დანაშაული ჩავიდინე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო.  რამდენად ეთიკურად მოიქცა ეს არხი, მკითხველმა განსაჯოს. გამოძიების ოფიციალური ვერსია ეს არასდროს ყოფილა. ნიშანდობლივია, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდოდა, ბევრად უფრო მსუბუქ სასჯელს დავექვემდებარებოდი. მაგრამ რადგან მოტივი არ არსებობდა, შემიფარდეს ,,ხულიგნური ქვენაგრძნობა“, რაც დელიქტის (სამართლებრივი ნორმებიდან გადახვევა, დანაშაული) კვალიფიცირებისას, უკიდურესად დამამძიმებელ კატეგორიაში გადის. ზემოთხსენებული ვერსია წამოვიდა დაზარალებულისგან და მისი რამდენიმე ახლობლისგან.

– რატომ დასჭირდა დაჭრილს ამ ვერსიის გაჟღერება?

– მას ეს ვერსია გამოძიებისთვის არც უთქვამს, რადგან მოუწევდა დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა. მან მხოლოდ ჭორის აგორება გადაწყვიტა. საქმეში არ არსებობს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც ამ ვერსიას დაადასტურებს.  2006 წელს განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას სალანძღავად იყენებდნენ. დაჭრილი თანაკლასელის გამო, მე მომენტალურად ვიქეცი ,,სხვა სექსუალური ორიენტაციის მატარებელ,  მოძალადე 14 წლის ბავშვად.“

სისხლი ვერ აღმოაჩინეს თქვენ სამოსზე, დანაშაულის იარაღი ნაპოვნი არაა, მოტივი დაზარალებულს არ უთქვამს… თანაკლასელები ან ახლობლები მაინც თუ ამბობენ რომელიმე ჩვენებაში, რომ თქვენსა და ამ ბიჭს შორის დაპირისპირება არსებობდა?

– ჩვენ არ გვქონია მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ არც ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენს შორის დაპირისპირება, არაფრით დასტურდება. ინფორმაციაც კი არ გაჟღერებულა ამის თაობაზე, ფაქტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ადვოკატის კითხვაზე, 29 ჭრილობიდან, საიდანაც 8 შემავალი იყო, სისხლის კვალი როგორ არ აღმომაჩნდა, პასუხი ასეთი იყო: დაზარალებულს ბევრი ტანსაცმელი ეცვა, და სისხლმა გამოჟონვა ვერ მოასწრო… რაც შეეხება იმას, რომ იარაღი ვერ იპოვეს, ამაზე გამომძიებლებს ბევრი არც უფიქრიათ.

– იმ 4 ბიჭის ფოტორობოტის შექმნა თუ შესთავაზეთ გამომძიებლებს?

– შევთავზე, მაგრამ სასაცილოდ ამიგდეს – სად ვეძებოთ ფოტორობოტებით ხალხი, როცა დაზარალებული ხელს გადებსო. მე ზუსტად მახსოვდა ორის სახე.

– დღეს მათი ცნობა შეგიძლიათ?

– მაშინ როგორებიც იყვნენ მახსოვს. არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც ვიცნო.

– მოსამართლეებმაც არ გაგამართლეს, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებში ეჭვმიუტანლად ბრალდებული ხართ – რა არის ამის მოტივი, როგორ ფიქრობთ, ყველა თქვენ წინააღმდეგ რატომ წავიდა?

– საქალაქო სასამართლოში დალი მეტრეველი იყო ჩემი საქმის მოსამართლე, სააპელაციოში – თამარ ალანია, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. მე რომ დანაშაული მეღიარებინა, რასაც გამომძიებლებიც მირჩევდნენ დაჟინებით, ახლა ყველაფერი დავიწყებული იქნებოდა. მაგრამ, არც ვაღიარე და  ყველა სამართლებრივი შესაძლებლობაც გამოვიყენე იმისათვის, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა.

მოსამართლეები ხვდებოდნენ, რომ ამ საქმეში ბევრი კითხვა იყო. დალი მეტრეველი ყოველი პროცესის დაწყების წინ მეკითხებოდა, ხომ არ ვაღიარებდი დანაშაულს. მას ალბათ უნდოდა ასეთი მძიმე საასჯელი არ მქონოდა, რადგან თუ ვაღიარებდი, საპროცესო გარიგებით და პირობითი სასჯელით, ციხეში საერთოდ არ მოვხვდებოდი.  ჩემი თვითმიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე მოსამართლის კარიერა დასრულებულიყო,  არამედ ის, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. სასამართლო არ მოქმედებდა ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სისტემა კი  ინსტანციების დონეზე, ინერციით იხილავდა სისხლის სამართლის საქმეს. ეს იყო სისტემური მიდგომა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მათ აქვთ ყველას ინტერესი, ვინც  უპირისპირდება წინა ხელისუფლებას, რადგან, ჩემი აზრით, ეს არხი ,,ნაცონალური მოძრაობის“ პროპაგანდის საშუალებაა.

– სტრასბურგში რა სახის საჩივარი გააგზავნეთ? ისე ჩანს, თითქოს, ციხეში მხოლოდ არაადამიანური მოპყრობა გაასაჩივრეთ და  არა – უკანონო პატიმრობა.

– უმარტივესი პასუხია ამაზე – სტრასბურგი მეოთხე ინსტანციის სასამართლო არ არის. ის განიხილავს კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას. ციხეში უდანაშაულოდ მოხვედრა, კონვენციაში მოცემულია, როგორც სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება, ანუ მე-6 მუხლი, რომლის ხელყოფის  საფუძველზეც  მქონდა გაგზავნილი სარჩელი. გარდა ამისა, გასაჩივრებული იყო კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებებიც. მე-3 მუხლის დარღვევა, მხოლოდ პენიტენციური სისტემიდან გამოთხოვილი დოკუმენტებითაც კი  დგინდება.

– სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ არცერთი მუხლი დარღვეული არ იყო, სახალხო დამცველს,  უჩა ნანუაშვილსაც კი გაუკვირდა.

– ბატონმა უჩამ იცის ეს საქმე და ის პროფესიონალია.

– ციხის პერიოდი გაიხსენეთ, გვანცა, სად მოგიწიათ წლების გატარება…

(გაგრძელება იხილეთ „მეტრონომის“ საიტზე ხვალ)

 

P.S. შემდეგ ნაწილში წაიკითხავთ: გვანცა ყუფარაძის მიერ ციხეში გატარებული პერიოდი, როგორ მოახერხა მან იურიდიული განათლების მიღება, აპირებს თუ არა შურისძიებას და სად გაიცნო თეა წულუკიანი, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სჯერა, თანაკლასელის დაჭრაში ბრალდებულის უდანაშაულობა…

გაგრძელება იხილეთ აქ: „ციხეში სისხლის ჩანჩქერები მოდიოდა“: გვანცა ყუფარაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....