არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვიქტორ ბოშტინარუ: ძალიან მიყვარს საქართველო და არ მსურს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთო

რუმინელი ევროპარლამენტარი, ვიქტორ ბოშტინარუ საქართველოს ოპოზიციური პარტიების – ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს.

როგორც ბოშტინარუმ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ვერ მიიღებს შენიშვნებს მათგან ვისაც ამის უფლება არ აქვს. ​

„ძალიან მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ ვერ მივიღებ გაკვეთილებს მათგან, ვისაც ვფიქრობ, რომ არ აქვს უფლება მასწავლოს და მითითებები მომცეს. მეორე, არ მინდა ახლა დეტალებზე ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდი წარსულში, რას ვაკეთებდი რუმინული რევოლუციის წინ, რუმინული რევოლუციის დროს ან როგორ ვიდევნებოდი იმ რეჟიმის დროს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო და არ მსურს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთო. უბრალოდ, ვამბობ, რომ კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი და ისაუბროს თავისუფლად და სამართლიანად წარსულის შესახებ, ვინაიდან ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, იყარონ კენჭი არჩევნებში და ითხოვენ ამომრჩევლის ხმებს. ქართველმა ხალხმა გადაიხადა ძალიან დიდი ფასი და გაიღო მსხვერპლი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ქართველ ხალხს, ვინც ნახა და მომსწრეა ორი ისტორიული რეგიონისა და საკუთარი ტერიტორიის დაკარგვის, უფლება აქვს, იცოდეს სიმართლე და ჰკითხოს კანდიდატს, სიმართლეს ამბობს თუ არა, იქნება თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. ეს არის ის, რასაც მე ყველა პოლიტიკოსს ვეკითხები“, – განაცხადა ბოშტინარუმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, სხდომაზე  ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.

ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურნენ ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” წევრები და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბოშტინარუ დირექტივებს რუსეთისგან იღებს, ასევე, აღმნიშნეს, რომ კომუნისტები, თუნდაც ყოფილები, ვერ გადაწყვეტენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

იტვირთბა....