aviabiletebi
ახალი ამბები

Sputnik-ისა და Russia Today-ს წარმომადგენლებმა თბილისში Fake News-ზე ისაუბრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ​”სპუტნიკის” ინფორმაციით, მათ ახალი პროექტი დაიწყეს, სახელწოდებით SputnikPro, რომელიც საქართველოში მომუშავე მედიამენეჯერებს, ჟურნალისტებსა და PR-ებს გადაამზადებს.

ღონისძიება 7 ივნისს “სპუტნიკის” თბილისის ოფისში გაიმართა და სპიკერი კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის, Russia Today-ის რედაქტორის მოადგილე, ანა ბელკინა იყო.

“სპუტნიკის” ინფორმაციით, ბელკინამ “მსოფლიო მედიაში ყალბი ახალი ამბების ფენომენსა და დასავლურ ტელეარხებთან Russia Today-ის პოლემიკის გამოცდილებაზე” ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას სწორედ Russia Today და Sputnik-ი ავრცელებენ.

“ჩვენ ვისაუბრეთ თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე. ეს პირველ რიგში არის ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან. განვიხილეთ რა არის ეს, მასთან ბრძოლის როგორი რა მეთოდები არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანია და რა გავლენას ახდენს ჩვენს მუშაობაზე”, – თქვა ბელკინამ.

კრემლის მიერ დაფინანსებული მედიების ერთობლივ ღონისძიებას ნინო ბურჯანაძის შვილი და მისივე პარტიის წევრი, ანზორ ბიწაძე, ასევე, “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი, ზაზა დავითაია და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორი, ტარიელ გაგნიძე ესწრებოდნენ.

“SputnikPro მორიგ ჯერზე ხდება სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებისთვის აზრების ღიად გაცვლის პლატფორმა. ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრობს ცნობილი რუსი მედიამენეჯერი, მსოფლიო დონის PR-სპეციალისტი, ანა ბელკინა. ის მათ გაუმჟღავნებს Russia Today-ს წარმატებული მუშაობის საიდუმლოებებს და ქართველ კოლეგებთან ერთად რუსულ და ქართულ მედიაბაზარს განიხილავს. ეს პროფესიონალური დიალოგია, რომელსაც, იმედი მაქვს, მონაწილეები ღირსეულად შეაფასებენ”, – თქვა პროექტ SputnikPro-ს ხელმძღვანელმა, ოკსანა ვოინცევამ.

7 ივნისს თბილისში ჩატარებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებზე “მითების დეტექტორმა” შემდეგი ინფორმაცია შეაგროვა:

“საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge) – გამოსცემს შპს “ისტორიული მემკვიდრეობა”, რომლის დაფუძნებას 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო ორდენით დააჯილდოვა. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.
ასავალ-დასავალი – ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც 1992 წელს დაარსდა. გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი და რედაქტორი კერძო პირი ლაშა ნადარეიშვილია. გამოცემა ღიად ქსენოფობიურ და ანტდასავლურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და ეთნონაციონალისტურ, პრო-ქართულ გამოცემად პოზიციონირებს.
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული პარტია. ნინო ბურჯანაძე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2010 წელს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2016 წლის არჩევნებზე ის უბლოკო სტატუსის ინიციატივით გამოვიდა, რაც კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა.
Russia Today – პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელ TV-Novosti-ს ბრენდი, რომელმაც მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. RT ინფორმაციას რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე გადასცემს. 2005 წლიდან მოყოლებული RT-ს დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა. ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო “გენოციდში” დაადანაშაულა, ხოლო რუსეთი გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისმყოფელი. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის RT ეთერს უთმობს ულტრამემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს. 2014 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ RT-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს ისეთი ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
Sputnik-საქართველო – მულტიმედიური საერთაშორისო პროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. “სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა.

წყარო – ტაბულა

იტვირთბა....