aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ცენტრ-პოინტით” დაზარალებული ემიგრანტები მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას არ ეთანხმებიან“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ცენტრ-პოინტის” საქმეზე მორიგი სხდომა დღეს განახლდა. ერთ-ერთი დაზარალებული ”მეტრონომთან” აცხადებს, რომ არც ერთი დაზარალებული მაია რჩეულიშვილის გირაოთი გათავისიფლებას არ ეთანხმება, რადგან მისი თქმით, როცა ის თავისუფალი იყო, არაფერი გაუკეთებია დაზარალებულთათვის:

”არც ერთი ემიგრანტი, რომელიც ”ცენტრ-პოინტით” არის დაზარალებული, არ ეთანხმება მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას. ავად არ არის, ტყუილებზე არიან აგებული. მაია რჩეულიშვილი ახლა გახდა ავად და მამაჩემმა ინფარქტი გადაიტანა, ძლივს გადავარჩინეთ.  ჩემი სახლი ქსნის ქუჩაზეა, არაფერი არ არის გაკეთებული, სამი წლის წინ გირაოთი იყო გათავისუფლებული მაია რჩეულიშვილი და არაფერი გაუკეთებია. აგური აგურზე არ დადებულა” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული მედეა გეწაძე.

 

შეგახსენებთ, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი და გუკა რჩეულიშვილი. წინა სხდომაზე კი ირაკლი მინდელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაია რჩეულიშვილი ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მას მარცხენა ფილტვზე კიბო აღმოაჩნდა. გარდა ამისა, გულის იშემია, ხოლო  კუჭ-ნაწლავზე მძიმე მდგომარეობა აქვს.

 

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ღამით მაია რჩეულიშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ისევ კლინიკაში დააბრუნეს. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულია.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ  გუკა რჩეულიშვილს, როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განმარტა, წინა პროცესზე ექპერტის დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ახალი გარემოება, რაც შუამდგომლობის საფუძველი გახდა. კერძოდ ადვოკატის მტკიცებით ექპერტმა ახსენა კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდა თანხების გატანა, თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად თანხებს პირადად ვერ გაიტანდა. ჩომახაშვილმა ასევე მიმართა მოსამართლეს, გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის მეუღლე არის ორსულად და ასევე, დედა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია მოთავსებული. მოსამართლეს თავად ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმაც მიმართა.

მაია რჩეულიშვილის დაცვის მხარე  ამ დოკუმენტაციის თანახმად მაია რჩეულიშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. იგივე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმაც. ის შუამდგომლობას 150 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ აყენებს.

ნინი ცხადაია

იტვირთბა....