aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შშმ პირები მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომობილით შეძლებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო. შს მინისტრმა მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში შშმ მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, რის შედეგადაც ისინი სასურველ მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებენ.

იტვირთბა....