aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სარჩელი არაკეთილსინდისიერებისათვის“: „იანდექს ტაქსის“ დემპინგური პოლიტიკით ტაქსების კომპანიები ნელ-ნელა იძირებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ტაქსების კომპანია 200-200 „იანდექს ტაქსს“ კონკურენციის სააგენტოში უჩივის. როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას მისი ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აცხადებს, „იანდექს ტაქსი“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას უწევს დანარჩენი ტაქსების კომპანიას. ის კლიენტების მოსაზიდად დემპინგს იყენებს.

„მგზავრის მოსყიდვით გადაყვანას საბაზრო ღირებულების და თვითღირებულების მესამედ ფასში აწარმოებს  და შესაბამისად, თუკი ტარიფი  3 ლარია, მას აქვს ლარი და 20 და ამით ახორციელებს მომხმარებლის მოსყიდვას. იმისათვის, რომ მძღოლები მოისყიდოს და შესაბამისად, ეს გადაადგილებები შეუსრულდეს, მოსყიდვას აწარმოებს იმაში, რომ სუბსიდიაზე მიდის. სუბსიდიას ვეძახი, რომ მძღოლებს უხდის 4-5 ლარს თითო გადაადგილებაში. შესაბამისად, 4 და 5 ლარს რომ დაემატება 1 და 2 ლარი, გამოდის, რომ საბაზრო ტარიფი არის 3 ლარი, ის უხდის 6 ლარს, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფი შემდგომისთვის აიწევს და 3 ლარის მაგივრად 6 ლარი გახდება.

რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ტარიფს იმიტომ წევს და ამ ფულს იმიტომ დებს, რომ მგზავრები მოიზიდოს, შემოიყვანოს შემდგომში თავისი ავტომანქანები და მძღოლები დასვას თავის ავტომანქანებზე, რის შემდეგაც მაღალი ტარიფით მოახდენს მგზავრის გადაყვანას“ – განუცხადა „მეტრონომს“ ნიკა ხოფერიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რას ელის ის საჩივარის შეტანის შემდეგ, ამბობს, რომ „იანდექს ტაქსს“ უბრალოდ კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს.

„იანდექს ტაქსს ვერაფერი დააზიანებს. იანდექსის ბიუჯეტი დაახლოებით საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. თუ კეთილსინდისიერ კონკურენციას გაგვიწევს, კი ბატონო, რა პრობლემაა, ოღონდ საბაზრო პირობებში. არ შეიძლება რაიმე აწარმოო 10 ლარად და გაყიდო 3 ლარად და პლუს 15 ლარი დაუმატო იმისთვის, რომ მან პროდუქცია იყიდა. ეს არაკეთილსინდისიერებაა, უბრალოდ მოვუწოდებთ კეთილსინდისიერებისკენ“ – უთხრა „მეტრონომს“ ხოფერიამ.

რაც შეეხება 200-200-ს, მისი თქმით, კომპანიაში მძღოლების მხოლოდ 30% დარჩა, დანარჩენი 70% კი „იანდექსმა“ გადაიბირა.

„მგზავრების იგივენაირად გადაბირებული ჰყავს. შესაბამისად, ჩვენ უკვე მოგვიწია სამუშაო საათების შემცირება კადრებისთვის. თანამშრომლების ნაწილს, არ  აწყობდა შესრულებული სამუშაო საათები და დატოვეს სამსახური. აქედან გამომდინარე დაახლოებით 40-45%-ით შემცირდა კადრები“ – განუცხადა „მეტრონომს“ ნიკა ხოფერიამ.

რაც შეეხება“იანდექს ტაქსს“, რუსული კომპანიის მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო. ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.  ქართულ ბაზარზე მისმა გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი.

როგორც „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კომპანიის რეგიონალური მენეჯერი  თენგიზ ველიანი ამბობს, ამ საკითხის გამოსწორებაზე სათაო ოფისთან კამათი არაერთხელ მოუვიდა, საბოლოოდ კი რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში რუკა გასწორებულიყო. ახლა, უკვე მათ მიერ წარმოდენილ საქართველოს რუკაზე აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს კუთვნილებაშია წარმოდგენილი.

“იანდექს ტაქსმა” ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო თბილისში არსებულ ტაქსების კომპანიებთან. ამ დროისთვის, თბილისში 6 პარტნიორი კომპანია ჰყავთ და კიდევ “ბევრს აქვს სურვილი მათთან თანამშრომლობის”. ველიანის თქმით, კომპანიებს, რომელთანაც ხელშეკრულებები გაფორმდა, ავტოპარკის განახლება და ხარისხიანი სერვისის მიწოდება უწევთ.

ტაქსის შეკვეთა შესაძლებელია საიტიდან და iPhone, Android-სათვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციიდან „იანდექს ტაქსი“. სერვისის უპირატესობებში facebook-ის გვერდზე კომპანის აღნიშნული აქვს ის, რომ ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე ბარათით, ასევე არის ხელსაყრელი ტარიფები – მგზავრობა 50 თეთრიდან იწყება. აღნიშნულ ფასში შედის მგზავრობა 2 კმ-ზე და 5-წუთიანი ლოდინი.

ამჟამად, თბილისში, “იანდექსის” მიერ შემოყვანილი ასობით ავტომობილი გადაადგილდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საკუთარ მომსახურებას მალე საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობასაც შესთავაზებენ.

ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....