aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ მზადყოფნას, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების წინსვლას:

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები:
– ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით და საქართველოს კონსტიტუციით;
– ვადასტურებთ რა საქართველოს და მისი მოქალაქეების ურყევ ნებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც აისახა: 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტიდან არაერთგზის წევრობისკენ სწრაფვის განაცხადით; 2008 წელს ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩატარებული პლებისციტით; და 2017 წელს ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კონსტიტუციური მუხლით გამყარებით;
– ვემხრობით რა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს;
– ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტია;
– ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატოს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა;
– აღვნიშნავთ რა, რომ ნატოს “ღია კარის” პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში;
– ვეყრდნობით რა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი;
– აღვნიშნავთ რა, რომ ნატოს უელსის და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი;
– ვითვალისწინებთ რა, რომ ნატოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით,
– კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი; ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და
ვაცხადებთ შემდეგს:
1.ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას;
2.სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში;
3.მივესალმებით ნატოს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითაც დადასტურდა ორგანიზაციის “ღია კარის” პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“;
4.გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობის და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“;
5.მივესალმებით ნატოს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცედენტი გახდება მომავალი წევრების ნატოში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ;
6.ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით, და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას;
7.გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....