aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტია“ ბათუმში თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება. პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღონ შესაბამისი ზომები და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება“, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. საქმე ეხება ბათუმში ახლადგახსნილ თურქულ სკოლას.

“საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის საელჩოს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე, გუშინ მოულოდნელად ბათუმში გაიხსნა თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, საქარველოსა და აჭარის შესაბამისი სამინისტროების ინფორმირების გარეშე, თურქეთის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა. სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია და ავტორიზაცია. ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია. აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის განათლების სფეროშიც, ამიტომ „რესპუბლიკური პარტია“ მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად”, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გახსნილი თურქული სკოლისგან ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას ითხოვს.  მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით – 9 000 ლარით.

ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე წარიმართება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

იტვირთბა....