aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკოლეიშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილის გვამის გაკვეთით ვერ მოხერხდა სროლის მანძილის დადგენა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზები არ დასრულებულა.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ დადგინდა, რა მანძილიდან არის ნასროლი ტყვია და ეკუთვნის თუ არა ტყვიის გარსს ის ფრაგმენტი, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის თავის ტვინშია აღმოჩენილი.

„ეს უცხო სხეული ამოღებული იყო თავის ტვინიდან, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ მეტალია. ვიცი ნამდვილად, რომ დანიშნულია ამ ფრაგმენტის შედარება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ სხვა ფრაგმენტთან. შესაძლოა, ეს იყოს ტყვიის გარსის ფრაგმენტი. ამიტომ უნდა მოხდეს შედარება სხვა ფრაგმენტებთან. ფრაგმენტი არის 1,5 მმ-2მმ-მდე ზომის, მას ჭრილობის სიმძიმესთან კავშირი არ აქვს, თუმცა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ერთიანი სურათი უნდა აღდგეს, ამიტომ ყველა ნამცეცი გვეხმარება ამ სურათის აღდგენაში.

ვიმედოვნებდით, რომ გაკვეთით მაინც დადგინდებოდა სროლის მანძილი. რადგან არც ერთ სამედიცინო დოკუმენტებში არ არის ზუსტად აღწერილი ჭრილობა ისე, რომ რაღაც ინფორმაცია მიგვეღო სროლის მანძილზე. თუმცა, მაინც ვერ დადგინდა ჯერჯერობით სროლის მანძილი. ოპერაციული ჭრილობა ზუსტად ცეცხლნასროლ ჭრილობაზე გადიოდა. ლაბორატორიული კვლევისთვის გვაქვს ამოღებული ფრაგმენტი და შესაძლოა, ამით დადგინდეს რამე, თუ არადა, ჩატარდება ვიზირება, რომელიც მოგვცემს სროლის მანძილის სრულ სურათს. ვიზირებით დადგინდება, რა გზა გაიარა ტყვიის ჭურვმა – როგორ იმოძრავა მან სხეულში, გაიარა საწოლის თავში, შემდეგ გაჩერდა კედელში, ამ ტრაექტორიის უკუღმა აღდგენა ხდება. ამით დადგინდება მსროლელის მდებარეობაც. ეს უკვე ბალისტიკოსოს ჩართვის შემდეგ მოხდება. როგორც ვიცი, გამოძიებას უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური ექსპერტიზა, მაგრამ ადვოკატის გადასაწყვეტია დამატებით ჩაატარებს თუ არა ბალისტიკურ ექსპერტიზას.

შემთხვევის ადგილზე იყო თმის ღერები და სისხლის კვალი, მაგრამ უნდა დადგინდეს ეს არის თუ არა თემირლანის და თუ არის, რომელი ნაწილიდან – თხემის, შუბლის, საფეთქლების თუ კეფის მიდამოდან არის ეს ღერები. გამოძიებასაც აქვს თმის ღერები ამოღებული და ჩვენს მიერ ამოღებული თმა მას უნდა შევადაროთ. ეს საერთო სურათის აღდგენაში, ვიზირებაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი ექსპერტიზა ჯერ კიდევ გრძელდება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი დამთავრებულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, მაგრამ არ ვიცი ადვოკატი ამას გაეცნო თუ არა. თუ ის ჩათვლის საჭიროდ, მეც გავეცნობი.

ოღონდ, ეს მოხდება მაშინ, როცა დამთავრდება გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის შიგნით ტარდება ლაბორატორიული კვლევები, რასაც დრო სჭირდება, ძალიან დაჩქარებული წესით ამას მინიმუმ 2 კვირა სჭირდება. ტარდება მიკროსკოპიის კვლევაც. ეს რომ დამთავრდება, გახდება სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ცნობილი. ჩვენ კი ვიცით, რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ეს უნდა იყოს ოფიციალურად. ეს რომ დამთავრდება, დაინიშნება ახალი სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა.

თუმცა, ფაქტია, რომ მან იცოცხლა დღეების განმავლობაში. როდესაც 4 იანვარს მივედი და ვნახე, იყო ცხელი, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა თავის ტვინის დაზიანების გამო. რა მოხდა სიკვდილის ბოლო საათებში ვერ გეტყვით, მაგრამ მე როდესაც ვნახე ის ნამდვილად ცოცხალი იყო. მასთან ადვოკატთან ერთად ვიყავი რეანიმაციულ განყოფილებაში. ბოლო მომენტში იყო შეკითხვები, ასე მალე რატომ დაიღუპაო, მაგრამ მე ის მიკვირს აქამდე როგორ იცოცხლა ამ დაზიანებით. მოლაპარაკებები როდესაც მიდიოდა კლინიკებთან, მიკვირდა, რომელ კლინიკას უნდა ეთქვა თანხმობა მის მიღებაზე. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ძალიან კარგად ვიცი ქალა-ტვინის ტრავმები. შეუძლებელი, წარმოუდგენელი იყო მისი გადარჩენა. ამაში დარწმუნებული ვარ და ნებისმიერ ნეიროქირურგს შემიძლია შევედავო, მისი გადარჩენის პერსპექტივა აღარ იყო. მაგრამ ამ დროს მუშაობდა გული და აპარატი, ახალგაზრდა სხეულმა გაუძლო.

მაია ნიკოლეიშვილისთვის ამ დრომდე გაუგებარია რატომ ვერ მოხერხდა დაზიანებების ზუსტი აღწერა და რატომ არ არის სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი ჭრილობის ზომები.

„მიზანმიმართულად მოხდა თუ არა ცეცხლნასროლი ჭრილობის კვალის წაშლა ოპერაციის დროს და შეიძლებოდა თუ არა ოპერაციის გაკეთება სხვაგვარად, ჭრილობის გვერდის ავლით, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ჭრილობის აღწერილობა ორივე საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო უფრო ზუსტი, ვიდრე დღეს გვაქვს. სასამართლო მედიცინას ექიმებს იმიტომ ასწავლიან, რომ მსგავსი დაზუსტებები მოხდეს. ჯერ ქირურგები ნახულობენ ჭრილობას, მერე ექსპერტები, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მათ ჭრილობის ზუსტი აღწერა არ ჩაატარონ. მათ აქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს დაზუსტებები იყოს დოკუმენტებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ზუსტი აღწერა არ გვაქვს არც ჭრილობის კიდეების, არც ზომის. ნამდვილად არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა მოხდა. ფაქტია, რომ აღწერილობა უნდა იყოს, რაც არ არის. ერთ კლინიკაში შემავალი ჭრილობა სხვა ზომისაა, მეორე საავადმყოფოს დოკუმენტაციაში – სხვა, რაც არ შეიძლება, დაუშვებელია. რატომ არ იყო აღწერა ზუსტი, როცა კომისიური ექსპერტიზა ჩატარდება, კითხვები იქ დაისმება და ოფიციალურ პასუხს ის ექსპერტიზა გაგვცემს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

იტვირთბა....