aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი: სპეციალისტი გვირჩევს როგორ მოვიქცეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაფხულში აქტუალურია კონდიციონერის თემა. რა ნეგატიური გავლენა აქვს მას? ამ საკითხთან დაკავშირებით პრესასთან საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების და ამერიკის თორაკალური საზოგადოების ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე.

მისი თქმით, როცა გარეთ 43 გრადუსი სიცხეა და ოთახში ტემპერატურას 20 გრადუსამდე ვაციებთ, ეს სხვაობა მთელი რიგი ორგანოების და სისტემების დაავადებებს იწვევს: პირველ რიგში, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე, სინუსიტებს, ტონზილიტებს, შარდსასქესო სისტემის ინფექციებს, რომლებიც ქალბატონებში ძირითადად, ცისტიტით ვლინდება. ვაჭარაძის თქმით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა განაპირობებს ჰერპესის გამწვავებას, ნევროლოგიურ პრობლემებს, მწვავე კუნთოვან სპაზმითი ხასიათის ტკივილებს, ასევე, თავის, წელის არეში ტკივილებს. კონდიციონერიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა ხმის დაკარგვასაც იწვევს. კონდიციონერთან დაკავშირებულ საფრთხეთა შორის ყველაზე საშიში მაინც ბაქტერია ლეგიონელით ინფიცირება და მისგან გამოწვეული პნევმონია გახლავთ.

როგორც სპეციალისტი გვირჩევს, საუკეთესო გამოსავალია, გარედან შენობაში შესულებმა პირდაპირ კონდიციონერიან ოთახში არ ამოვყოთ თავი და ადაპტაციის მიზნით, მცირე ხნით შევყოვნდეთ სადმე მოსაცდელში, სადაც მეტნაკლებად გარდამავალი ტემპერატურა იქნება. ამგვარად ავირიდებთ ქრონიკული რესპირაციული დაავადებების, სიცივის ალერგიის, ბრონქოსპაზმის თანხლებით მიმდინარე დაავადებების – ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდების გამწვავებასაც. მისი თქმით, ეს უკანასკნელი გახლავთ მსოფლიოში წელიწადში 4-5 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზი, რომელსაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება განაპირობებს.

“თანამედროვე ეპოქაში იყიდება შედარებით ძვირადღირებული, მაგრამ ისეთი “ჭკვიანი” კონდიციონერები, რომლებიც ბაქტერიოციდული თვისებებით არიან აღჭურვილი, იმავდროულად, ავტომატურად არეგულირებენ იონიზაციის პროცესს, ტენიანობას და ჰაერის ნაკადსაც. ალბათ სჯობს, სიძვირესა და ჯანმრთელობას შორის არჩევანი უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთოთ” – ამბობს ვაჭარაძე.

მისი თქმით, ღამით კონდიციონერის დატოვება კატეგორიულად აკრძალულია. კონდიციონერის შეძენისას კარგად უნდა გავეცნოთ მის პარამეტრებს. სპეციალისტი გვირჩევს, ყურადღება უნდა მივაქციოთ, კონდიციონერის სიმძლავრე შეესაბამება თუ არა იმ ოთახის ფართობს, სადაც მის დაყენებას ვაპირებთ. ფილტრები ხშირად უნდა შეიცვალოს, უკიდურეს შემთხვევაში, მტვერსასრუტით გამოსუფთავდეს და სპეციალური ხსნარებით გაირეცხოს. თუ ძვირადღირებული კონდიციონერის შეძენის საშუალება არ გვაქვს, რომელიც ტენიანობას, ტემპერატურას, ჰაერის ნაკადს და იონიზაციას ავტომატურად არეგულირებს, დაავადებებისგან დაზღვევას ოთახის ხშირი განიავებით უნდა მოვახერხოთ.

იტვირთბა....