aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე; უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში.

ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას.

პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება.

დღეს, ყოველი ჩვენგანი უკვე ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მაღალი ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.

ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისაგან, ასევე ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისაგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იოჰანეს ჰანის საქართველოს 4 მაისს ესტუმრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

იტვირთბა....