aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაფიცვის მეორე დღე: მემანქანეები მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაფიცვის მეორე დღე და სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში – მეტროს მემანქანეები, ისევ გლდანის დეპოსთან შიმშილობენ.

ცოტა ხნის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მედიკოსებმა აქციის მონაწილეს დახმარება ადგილზევე გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნადი, იაფი და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების თანამშრომლები, ხელფასების მომატებას ითხოვენ. დედაქალაქის მერი კი უკვე ორი დღეა, მემანქანეებთან საერთო ენის და ბიუჯეტში ხელფასის მომატებისთვის საჭირო თანხის გამოძებნას ვერ ახერხებს.

გუშინ ორი უშედეგო შეხვედრა გაიმართა, დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ მემანქანეები აცხადებენ, რომ მათ მისაღები არგუმენტები ვერ მოისმინეს.

მათი თქმით, კახა კალაძე მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მხოლოდ 2019 წლისთვის დაჰპირდა ხელფასის შესაძლო მომატების საკითხის განხილვას.

მემანქანეები მოლაპარაკებისთვის ისევ მზად არიან და დედაქალაქის მთავრობის მხრიდან დათმობაზე წასვლას ელიან.

„არგუმენტები არ იყო ისეთი მყარი და კონკრეტიკა აკლდა. ამიტომაც მივიღეთ გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“ – ამბობს მეტროს მემანქანე გოჩა მესტუმრიშვილი.

მემანქანეები ამბობენ, რომ დათმობაზე წასასვლელად მზად არიან, თუ ხელფასის მომატების მყარ პირობას მიიღებენ, მაგრამ მათი თქმით, დედაქალაქის მთავრობა მსგავს პირობას არ დებს.

იტვირთბა....