aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილის ინტევიუ Atlantic Council-თან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ატლანტიკური საბჭო აქვეყნებს სარედაქციო დირექტორის მოადგილის აშიშ კუმარ სენის ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

“წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ნატოსთან მიმართებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

NDI-ის კვლევების თანახმად, რომელიც ახლახან ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – 68% ემხრობა ნატოში და 71% ევროკავშირში გაწევრებას.

მიუხედავად ამისა, ივნისში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე, იქნება ეს ნატო თუ სხვა რომელიმე სამხედრო ალიანსი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნისა თუ ბლოკის ჯარები“.

ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს საქართველოს მისწრაფებები ნატოსთან დაკავშირებით”. -წერს სტატიის ავტორი.

“მეტრონომი” გთავაზობთ ამონარიდებს პრემიერის  ინტერვიუდან.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას

“ჩვენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ამოცანა ისაა, რომ მომავალშიც ვიყოთ სტაბილურობის შუქურა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა რეგიონში, რომელშიც ჩვენ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით. ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების გაერთიანებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ მომავალშიც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საქართველოს მშენებლობისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომში რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი ტერიტორიების 20%  დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამ ტრაგედიის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და 2008 წლის აგვისტოს გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომელიც გამიზნულია უფრო ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

სწორედ ამიტომ ვუთმობთ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას და ისეთი ქვეყნის მშენებლობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ქართველის კეთილდღეობა.

რას ნიშნავს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, რომელიც ახლახან კიდევ უფრო გაღრმავდა?

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში. სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო იმ უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ბოლო 25 წელია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, აშშ უცხადებს საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების კუთხით.

მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გავცვლით ინფორმაციას და ვითანამშრომლებთ საერთო საფრთხეების დაძლევაზე. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობის განმტკიცება და თავდაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების მხარდაჭერა.

საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც მას აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთსა და ერაყში. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიული თავდაცვის ზომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატების მისაღწევად.

გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660. ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

ვარშავის სამიტზე ნატომ მოუწოდა ალიანსში გაწევრების მსურველ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, წევრობისთვის მომზადების ფარგლებში აუცილებელი რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ. თქვენი აზრით, არის თუ არა ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო ახლოს ნატოს წევრობასთან?

დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან.

ვარშავის სამიტმა ცხადყო, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ნატოს წევრობისკენ როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით. მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით ვითარდება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრებისთვის მოსამზადებლად.

რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ეს მნიშვნელოვანი უახლესი გადაწყვეტილებები მოიცავს: ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაკავშირებას მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის საწვრთნელ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან; საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის მხარდაჭერას; ტრასტის შექმნას ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ფინანსური მხარდაჭერისთვის.

მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ როგორც არსებული, ისე ახალი ინიციატივები ეხმარება საქართველოს, როგორც წევრობის მსურველ ქვეყანას, ნატოს გაწევრებისთვის მომზადების გზაზე.

კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი გაჟღერდა 7-8 სექტემბერს, სამიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა განხილულიყო ვარშავის გადაწყვეტილებების გატარების პრაქტიკული გზები. ეს იყო საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი.

ოქტომბრის არჩევნების მოლოდინში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველომ ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი ნატოს წევრობაზე. რამდენად საზიანოა საქართველოს პროდასავლელი ლიდერებისთვის ის შეყოვნება, რომელიც დაფიქსირდა ნატოს გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში?

საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში.

ჩვენი ხალხი მხარში უდგას მთავრობას ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმის განხორციელებაში. ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს.

8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მართალია, არჩევნების მონაწილე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა დასავლეთში შემდგომ ინტეგრაციას. ვარშავის სამიტამდე ყველა წამყვანმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ მიმართვას ნატოს წევრი ქვეყნებისადმი, რომელშიც აისახა თხოვნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და წელს საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ დავაგვირგვინებთ ამ ციკლს.

ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც სრული დატვირთვით მიმდინარეობს, საქართველოს გარეშე არასრულია. დემოკრატიის ხელშეწყობის, განვითარების, მშვიდობის დამყარებისა და ლიბერალიზაციის კუთხით, ევროინტეგრაციის პროცესი უალტერნატივოა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველომ უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სარგებელი. ქართველი ხალხი მომთმენია და რეალისტურად უყურებს იმას, რომ ამას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მომავალშიც მხარს დაუჭერს ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერებს. ყველა ფაქტისა და ასპექტის გათვალისწინებით, ცხადია, რომ როგორც ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზას, ისე თავად ამ მიზანს სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის.

რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ორგანიზებული დანაშაულის გამო გერმანიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გახდა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღების შეჩერების მიზეზი?

საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი. კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. გერმანიაში მცხოვრები ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ.

ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები.

იტვირთბა....