aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გამჭვირვალობა“ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის მიმართ.

“მიგვაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტს და მის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებას. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ შპს „აიტექნიკი” დაფუძნდა 2011 წელს ვალერიან ცერცვაძის მამის და ცოლის ძმის მიერ, ხოლო დღეის მდგომარეობით კომპანიის 100%-იანი წილი მის ცოლის ძმას ეკუთვნის.  მოსამართლის მეუღლე კი ამავე კომპანიის მენეჯერია. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „აიტექნიკი”-ს მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა კონკურენტი კომპანია „Iphone+”-ის ანგარიშები და ქონება. დავის მონაწილე „Iphone+”-ის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ამ საქმის შედეგით. ამასთან, “Iphone+”-ის დირექტორის განცხადებით იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო მასზე განხორციელებული ზეწოლისა და თვალთვალის გამო.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს რაიმე სახის პერსონალურ კავშირს აღნიშნულ კომპანიასთან, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლიდანაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული სამსახურეობრივი ავტომობილი ნამდვილად გამოყენებულია ხსენებული შპს “აიტექნიკი”-ს ერთ-ერთ კომერციულ რეკლამაში. აღსანიშნავია, რომ ამავე რეკლამაში ავტომობილს მართავს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გარდა ამისა, კომპანიასთან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პერსონალური კავშირები ასევე დასტურდება ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ვალერი ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა კომპანია „აიტექნიკის” (იმდროინდელი სახელი შპს „გრინეფლი ჯორჯია”) სესხის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების ნომერი ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან”.-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციში მიაჩნიათ, რომ გარდა საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედება ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლოს ავტორიტეტს და მიუკერძოებლობას.

“მეტრონომმა” იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირება სცადა, თუმცა საბჭოს პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

იტვირთბა....