aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა გაეროში!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი, გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა გაეროში!

დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუცია გავიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 80 ხმით 14-ის წინააღმდეგ (61 თავშეკავება). ამჯერად, 4 ახალი მომხრე შემოგვემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. რუსული ბანაკი 4 ხმით დასუსტდა.

ვიღაც შეიძლება ვერ აფასებდეს, მაგრამ ამას უდიდესი შრომა სჭირდება; არათუ 4 ახალი მომხრეს შეძენას, არამედ არსებულის შენარჩუნებასაც კი. მოლაპარაკებებში, სწორი ენის გამონახვასა და ფიქრში გატარებული უამრავი მნიშვნელოვანი საათი.

ამიტომ, უღრმესი მადლობა ყველა საჯარო მოხელეს, ყველა დიპლომატს და ყველას, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ამ შედეგის დადგომას. შემდეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.”-წერს გეგელია.

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, -ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუცია 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან ერთად, მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან ეს არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....