aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გადასახადები გაიზრდება”: რა ხარვეზები აქვს საპენსიო რეფორმას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპენსიო რეფორმა, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი, ნაწილისთვის კი კვლავ გაუგებარია. მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული გადაწყვეტილებით, კანონპროექტი, რომელიც პენსიის დაგროვებას გულისხმობს, თუ ამოქმედდა, დასაქმებული საკუთარი შემოსავლიდან საპენსიო ფონდში ავტომატურად 2 %-ს გადარიცხავს, ასევე, მისი დამსაქმებელიც 2 %-ს დააგროვებს, სახელმწიფო კი თავის მხრივ, დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან 2 %-ს აიღებს და საპენსიო ფონდში დააბანდებს. შესაბამისად, ყოველთვიურად დასაქმებულის შემოსავლის 6 % შეგროვდება. რაც მთავრია, ეს ყველაფერი 40 წლამდე ასაკის დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, მხოლოდ 40 წლის შემდეგ მყოფ პირს შეეძლება აირჩიოს, უნდა თუ არა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ამ სისტემაში ჩართვა.

რეფორმას, როგორც მხარდამჭერები, ასევე, მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ. პოტენციური სისტემის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო იძულებით არ უნდა აგროვებინებდეს მოქალაქეს პენსიას და ამაზე თავად დასაქმებულმა უნდა იზრუნოს. ასევე, მათი ნაწილის აზრით, ეს გარკვეულ საფრთხეებთან, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული.

შეიცვას თუ არა საფრთხეს საპენსიო რეფორმა? უკეთესია თუ არა ის საქართველოს მოქალაქეებისთვის? თემაზე “მეტრონომს” ეკონომიკის ექსპერტები ესაუბრნენ.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობის, კერძოდ კი, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ეს სისტემა მისასალმებელია. მთავარია, რამდენად უსაფრთხო პლატფორმას აირჩევს სახელმწიფო მის განსახორციელებლად და იქნება თუ არა ის გამჭვირვალე:

“საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს. მის ფორმაზე, ან, ვინ იქნება საპენსიო ფონდის საბჭოში – შეგვიძლია ვიდავოთ.

მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს მაქსიმალურად დაბალრისკიანი დაბანდება უნდა იყოს. დაბანდება ისეთი ტიპის ფასიან ქაღალდებში უნდა მოხდეს, რომლის გამომშვებიც არის მყარი გარანტორი და კარგი გადახდის უნარიანობა გააჩნია. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ასევე, კერძო სუბიექტების მიერ გამოცემული, მაგრამ ამ შემთხვევაში შესყიდვა გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს. აღნიშნული თანხები გაურკვეველ შ.პ.ს.-ბში არ უნდა მობილიზდეს. ვფიქრობ, მთავრობაც არ დაუშვებს ამგვარ ხარვეზებს.

ამ ეტაპზე, პენსიას რა სახეც აქვს, რეალურად, სოციალური დახმარება უფროა და არ შეესაბამება ნორმალური ცხოვრების სტანდარტებს. ეს უნდა გამოსწორდეს, რომ  მომავალში კიდევ უფრო მეტად არ დააწვეს ბიუჯეტს. საპენსიო რეფორმის აუცილებლობა ჩემთვის ცალსახაა. აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს დაბალრისკიანობაზე და არა – მაღალ შემოსავალზე, რაც საზოგადოებაში ნდობას გაზრდის. ნებისმიერ შემთხვევაში, სარგებელი ინფლაციის განაკვეთზე მაღალი იქნება. ასევე, კარგია, რომ საშემოსავლოდან გარკვეული პროცენტი საპენსიო ფონდში წავა, რადგან ამით დასაქმებულის წახალისება ხდება. დამსაქმებლებს, ბუნებრივია, მცირედით გაეზრდებათ ხარჯი, თუმცა, პენსია და თანამშრომლის მომავლის უზრუნველყოფა არის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც ღირს იმ 2 %-ის გადახდა. “-აცხადებს ადეიშვილი “მეტრონომთან”.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპენსიო რეფორმის ინიციატივას. როგორ ის “მეტრონომთან” აცხადებს, იდეას დაუშვებელი ხარვეზები აქვს და სახელმწიფო არ უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქისგან პენსიის იძულებით დაგროვებაზე, არამედ-სწორი ეკონიმიკური ზრდით,  შექმნას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა:

“ეს ინიციატივა,  2+2+2 (პენსიისთვის დასაქმებულის 2%+დამსაქმებლის 2%+საშემოსავლოდან 2%-ის მობილიზება), რომელიც 40 წლამდე იძულებითია და 40 წელს ზემოთ-ნებაყოფლობითი, გადასახადების ავტომატურ ზრდას გულისხმობს. მაგალითად, ეს რეფორმა შეიძლება მსხვილ დამსაქმებლებს არ შეეხოს, მაგრამ საშაულო და მცირე დამსაქმებლებს აუცილებლად გაეზრდებათ ხარჯი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ან ნაკლებ თანამშრომელს აიყვანენ, ან ხელფასს შეამცირებენ და ან  – პროდუქტის ხარისხს დასწევენ.

საპენსიო რეფორმის ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ გაჭირვებულ მოქალაქეებს პენსია ჰქონდეთ, მაგრამ  მოსახლეობის ნახევარი თვითდასაქმებულია, ანუ მათ ხელფასი არ აქვთ. შესაბამისად, ამ პროექტში ვერ ჩაერთვებიან.  დანარჩენს, დაახლოებით, 800 000-მდე ადამიანს, რომელიც დასაქმებულია, ხელფასი აქვს  500-600 ლარამდე. მათი საპენსიო დანაზოგი ამ რეფორმით ძალიან მცირე გამოდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  20 წლის მერე რა მსყიდველუნარიანობა ექნება ლარს, გაუგებარია.

საფრანგეთის საპენსიო სისტემაც კი გაკოტრდა, მითუმეტეს,  საქართველოში რამდენად წარმოგიდგენიათ ეს რეფორმა? გამოსავალი არის ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობა გამდიდრდეს, კერძო დაგროვების სისტემები შეიქმნას და სახელმწიფოს თავად ჰქონდეს ღირსეული პენსიის გაცემის შესაძლებლობა, ეტაპობრივად, მისი გაზრდით.”-აცხადებს ხორგუაშვილი “მეტრონომთან”.

საპენსიო რეფორმის კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ფინანსთა სამინისტრომ მოსახლეობას გეგმა უკვე წარუდგინა ( კანონპროექტი  სამინისტროს ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია) და  პარლამენტს განსახილველად მას შემდეგ გადაუგზავნის, როცა იმ ცვლილებებს შეიტანს, რა დაკვეთაც მოსახლეობისგან იქნება.

ავტორი: მანა ნოდია

 

 

 

 

 

იტვირთბა....