aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

აფხაზი ბლოგერის უცნაური ემოციები: „ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და საქართველოში მოხვედრა მეტად აღარ მინდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოცემა sputnik-abkhazia.ru-ზე საიტის ერთ-ერთი ბლოგერი, საიდ ბარგანჯია აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ის  ზუგდიდში მოგზაურობის შესახებ წერს. საიდ ბარგანჯია 25 წლის აფხაზია, რომელიც  ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს:
“სამშაბათს დილით მე და ჩემი კოლეგა ჟურნალისტები აფხაზეთიდან დავიძარით. ჯერ კიდევ საზღვართან ვფიქრობდი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ საქართველოში რომ მივდივარ-თქო. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ენგურჰესი. საზღვართან რომ მივედით, გულში რაღაცამ გამკრა. იმის არ მეშინოდა, რომ ტყვედ ამიყვანდნენ, რადგან ჩვენ არავის ვჭირდებოდით, მაგრამ უცნაური შეგრძნება დამეუფლა. საზღვარზე რამდენიმე ფოტო გადავიღე და მეგობრებს გავუგზავნე. ერთ-ერთმა მათგანმა მიპასუხა, გამყიდველოო. რასაკვირველია, იხუმრა, მაგრამ მაინც უსიამოვნო იყო.

მე 1991 წელს დავიბადე, 1992 წელს ქართულ-აფხაზური ომი დასრულდა, რომელშიც 30 სექტემბერს აფხაზებმა გაიმარჯვეს. არც ჩემი ნათესავები, არც მეგობრები არასოდეს ყოფილან საქართველოში. არანაირი კონტაქტი არ მქონდა ქართველებთან, გარდა ერთისა, რომელთანაც კრასნოდარში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მასთანაც დიდად არ მქონია ურთიერთობა, ჩემზე უფროსი იყო და ის ფაქტი, რომ ჩვენს შორის ომი მოხდა, დიდად არ განგვაწყობდა ერთმანეთთან ურთიერთობისკენ.

ჩემთვის უცხოა საუბრები იმის შესახებ, რომ მსგავსი მენტალიტეტი, ტრადიციები და თვისებები გვაქვს, რომ ერთნაირი შეხედულებები გაგვაჩნია, რომ მეზობლები ნათესავებზე ახლობლებად ითვლებიან. მესაზღვრეებმა პასპორტები მოაგროვეს, გადაგვიყვანეს საზღვარზე და უკან დაგვიბრუნეს საბუთები. არც ჩვენ, არც ჩვენი ჩანთები არ გაუჩხრიკავთ. ძალიან “მოშვებულები” იყვნენ. ჩვენ დელეგაციას უკვე ელოდებოდა მიკროავტობუსი. ნომრები აფხაზური იყო და გამახარა ამან. ალბათ იმიტომ, რომ მათზე ჩვენს დროშას ვხედავდი.

ფანჯარასთან ვიჯექი. დათოვლილი მთები, ლამაზი ხედები, რასაკვირველია, იპყრობდნენ ჩემს ყურადღებას, მაგრამ თითქოს ვაძალებდი ჩემ თავს, რომ არ მომწონებოდა. არ მინდოდა, რომ საქართველოში რაიმე მომწონებოდა. ბუნებაც კი. არ მტოვებდა ფიქრები ომზე. რისთვის? რატომ? ვის ჭირდებოდა ეს? სამწუხაროდ, პასუხები ამ კითხვებზე ცნობილია, მაგრამ იმ მომენტში, ყველაფერი სხვანაირად აღიქმებოდა. იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ როგორ ვიცხოვრებდით რომ არა ომი-თქო. პირველად 24 წლის მანძილზე გამიჩნდა ასეთი ფიქრები.

ფანჯრებს მიღმა პანორამა ძალიან ჰგავდა აფხაზეთს. ისეთივე სახლები, ადამიანები ეზოებში. შეგრძნება, რომ საქართველოში ვიყავი, მხოლოდ ქართული ენის გაგებისას მეუფლებოდა. როდესაც დავბრუნდით, ყველა მეკითხებოდა, როგორ შეგხვდნენო. მოკლედ ვპასუხობდი, რომ კარგად.

მივედით ენგურჰესზე, თანამშრომლები უკვე გველოდებოდნენ. დავათვალიერეთ იქაურობა. ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა ჩვენთან და გატეხილი აფხაზურით დაგველაპარკა. სოხუმში ვსწავლობდიო, იქ ბევრი მეგობარი მყავსო, მოკითხვა გადაეცით მათო. მისი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მოკითხვას გადმოგცემთ. როდესაც სამუშაო დავასრულეთ, სახლისკენ გამოვეშურეთ. აი, დავწერე ეს სიტყვა და გულში სითბო ჩამეღვარა. დიდი ბედნიერებაა საკუთარი სახლის ქონა. მაგრამ სახლში არ გვიშვებდნენ. დაიწყო მოლაპარაკება, სხვადასხვა არგუმენტების მოყვანა, რომ სავახშმოდ დავრჩენილიყავით. ვაღიარებ, მშივრები ვიყავით. კამათს აზრი არ ჰქონდა. აი, ამ დროს დაიწყო “სინდისის ქეჯნა”. ყველა უცნაურად უყურებდა ერთმანეთს, ან მე მეჩვენებოდა. ისე აღვიქვამდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდით.

ზუგდიდში წავედით. და იქ უკვე ვაღიარე, რომ ეს ნამდვილი კრასნოდარი იყო. სუპერმარკეტები, კინოთეატრი, პარკი შადრევანით და უკანასკნელი დარტყმა მომაყენა “მაკდონალდსმა”. შევედით რესტორანში,

სუფრა უკვე გაშლილი იყო. ყველაფერი აფხაზური – ყველი, ელარჯი, შემწვარი ხორცი… ხუთი ქართველი გვახლდა, “ენგურჰესის” თანამშრომლები. ვერ ვდუნდებოდი, რომ დავმჯდარიყავი და მეჭამა. არ მტოვებდა ფიქრები, რომ ეს ყველაფერი არასწორი იყო. ორი მიმტანი გვემსახურებოდა. პირადად მე, განსაკუთრებული ნეგატიური, ან პოზიტიური დამოკიდებულება არ მიგრძვნია, როგორც ყველა სხვა რესტორანში.

ვისხედით მაგიდასთან, ნაცნობი საუბრები მიდიოდა, იგივე ხუმრობები და მუსიკა – რუსული პაპსა. ამ რესტორანში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ამას ალეგროვას სიმღერით “გილოცავ დაბადების დღეს” მივხვდი.

გვიან ღამით დავბრუნდით. არასოდეს მეგონა, რომ გალში მოხვედრილი თავს როგორც სახლში, ისე ვიგრძნობდი. სოხუმში ჩასვლისას ცარიელ ქუჩებში გავისეირნე და გონებაში მადლობას ვუხდიდი მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა აფხაზეთის თავისუფლება და სახლი შეგვინარჩუნა. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და საქართველოში მოხვედრა მეტად აღარ მინდა”, – წერს საიდ ბარგანჯია.

მომზადებულია sputnik-abkhazia.ru-ს მიხედვით

იტვირთბა....