aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

აზერბაიჯანიდან საქართველოში, ბოლო დღეებში, ჩინეთის 100-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან  საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის ასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. ამ ინფორმაციას გაზეთი „მეტრონომი“ ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებმა საზღვარი 26 იანვარს გადმოკვეთეს და მათ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში  ყველა სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს.

„მეტრონომის“ ჟურნალისტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მოეპოვებოდათ. ამის შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლის ფაქტი  სხვა საჯარო უწყებებთან გადაამოწმა, მაგრამ  მათაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ ანდრიაძის განცხადებით, საზღვარზე საპასპორტო კონტროლი საპატრულო სამსახურის კომპეტენციაა და მათ ინფორმაცია მხოლოდ გარკვეული კანონდარღვევის ფაქტებზე მოეპოვებათ.

„საზღვარზე საპასპორტო კონტროლი ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურს, კონკრეტულად კი საზღვრის მართვის სამმართველოს. ისინი აკონტროლებენ საზღვარზე ყველა მოქალაქეს. შემოსავლების სამსახურს მხოლოდ ის ინფორმაცია ეგზავნება, თუ საზღვრის კვეთისას კონკრეტულმა მოქალაქემ გარკვეული კანონდარღვევა ჩაიდინა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ არსებული კანონდარღვევის ფაქტებზე გავცეთ ინფორმაცია“.- აცხადებს თამარ ანდრიაძე.

შემოსავლების სამსახურის შემდეგ გაზეთის ჟურნალისტი  სწორედ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა. თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში გადამოწმების შემდეგ  გვიპასუხეს, რომ საზღვარზე საპასპორტო კონტროლი აღნიშნულ უწყებას არ ეხება და ამ მოვალეობას საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს.

საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ მათ ყველა სახის ინფორმაცია მოეპოვებათ. თუმცა, კონკრეტული ფაქტის გადამოწმების მიზნით შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართეს.

„დიახ, ჩვენი დეპარტამენტი ყველანაირ ინფორმაციას ფლობს. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის შეძლებს კონკრეტული ინფორმაციის მოცემას“,-განაცხადეს საინფრმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში.

როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ქეთი კოვზიაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, თუ აღნიშნული ინფორმაცია საჯარო არაა, მას არცერთი საჯარო უწყება არ გასცემს.

კოვზიაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაა შესაძლებელი.

„თუ პერსონალური მონაცემია, ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. არის თუ არა ეს ინფორმაცია საჯარო, ამაში კომპეტენტური არ ვარ. შეგიძლიათ  police.ge-დან საჯარო ინფორმაციის გვერდზე მოიწეროთ. განიხილავენ და თუ შესაძლებელი იქნება, ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს. ესე ვერავინ გიპასუხებთ. თუ საჯარო არაა, მითუმეტეს, ვერავინ გიპასუხებთ. მოიწერეთ და პასუხს მიიღებთ. თუ საჯარო არაა ამ სახის ინფორმაცია, მიიღებთ პასუხს, რომ არაა საჯარო“, – განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

„მეტრონომის“ ჟურნალისტმა შსს-ს საჯარო ინფორმაციის გვერდიდან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, რომელზეც პასუხს ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს.

ამასთან, დღეს გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვი. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ  განყოფილებაში მოათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეების ტურისტთა ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან გადმოვიდა. კონკრეტულად, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში შემოვიდნენ.

თათა შაიშმელაშვილი

 

 

იტვირთბა....