aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადევნებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ვ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151′-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ-ს შესახებ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდა.

„აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვასა და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

2017 წლის 4 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დანაშაულად გამოცხადდა ადევნება. კერძოდ, დასჯადი გახდა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეში ჩართული იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რომელმაც დაზარალებულის მორალური მხარდაჭერა უზრუნველყო და მისი საგამოძიებო და საპროცესო პროცედურების შესახებ დროული ინფორმირება მოახდინა.

„ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა პირობითი მსჯავრი ორი წლის ვადით. ასევე, მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულთან და მისი ოჯახის წევრებთან, თავი აარიდოს მათთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს აღნიშნული პირების საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო ადგილები, თავი შეიკავოს უშუალო და ტექნიკური საშუალებებით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან და მათი სახელების გამოყენებით რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან.

აღსანიშნავია, რომ ადევნების კრიმინალიზაციის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საიდანაც 6 საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....